პოლიტიკა
ილჰამ ალიევი - ვნატრობ, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ერთად მუშაობას შეძლებს

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ბოლომდე იბრძოლებს, თუკი სომხეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებს. „ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუკი სომხეთი არ აიღებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის ვალდებულებას, ვფიქრობ, სომხეთი დიდ შეცდომას უშვებს, ვინაიდან მათ რომ ჩვენთვის დასაწყისიდანვე მოესმინათ, ომი უკვე დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა და უკვე მოლაპარაკებების მაგიდასთან ვისხდებოდით“,- განაცხადა ალიევმა BBC News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, როგორ ხედავს ის სამხრეთ კავკასიის მომავალს და ფიქრობს თუ არა, რომ მოვა დღე, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდება, ალიევმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია და სურს, დადგეს დრო, როცა სამხრეთ კავაკსიის სამივე ქვეყანა თანამშრომლობას შეძლებს.

ეს შესაძლებელია, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ სომხურ მხარეზეცაა დამოკიდებული. მსურს, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა ერთად მუშაობას შევძლებთ. როგორც მაგალითად, ამას ჩვენ საქართველოსთან, ჩვენს ახლო სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობართან, ვაკეთებთ. შეხედეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ მათთან ერთად, რა მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობები ემყარება ისტორიულ მემკვიდრეობას, პრაგმატიზმსა და ჩვენი ინტერესების ბალანსს. რატომ გახდა სომხეთი იზოლირებული? ოკუპაციის გამო“, - განაცხადა ალიევმა.