აქტუალური
აშშ-ის საელჩო - მაიკ პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო მდებარეობდა

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტი უკვე დაასრულა და ისრაელში გაემგზავრა.