პოლიტიკა
ფრანგი დეპუტატი კეროლ ბიურობონარი - ტინი კოქსზე თავდასხმით, მიხეილ სააკაშვილი თავს ესხმის საერთაშორისო ინსტიტუტებს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კეროლ ბიურობონარი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტინი კოქსის რუსეთის აგენტად მოხსენიებას ეხმაურება.

„მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოში საკანონმდებლო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის აუცილებელ მშვიდ ატმოსფეროს. ტინი კოქსზე თავდასხმით, მიხეილ სააკაშვილი თავს ესხმის ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, როგორიცაა ( ეუთო/ოდირი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა)“, – წერს ფრანგი დეპუტატი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „​ეფესბეს“ აგენტი უწოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება“.

ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.