აქტუალური
პროკურატურა - დავით ფურცხვანიძის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე დათანხმდა

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

როგორც საქართველოს პროკურატურაში განმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

მას საქალაქო სასამართლომ გირაოს სახით 7000 ლარი შეუფარდა.

„ვინაიდან, დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

დავით ფურცხვანიძის საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და არსებითი განხილვის სხდომა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა“,- აცხადებენ პროკურატურაში.