საზოგადოება
საგარეო უწყება - რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ–ეკონომიკური სივრცის ფორმირება ანექსიისკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯია

 ​საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას ეხმაურება.

უწყების განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება.

„რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. „შეთანხმება“, „მემორანდუმი“, თუ „პროგრამა“ უკანონოა და ვერ წარმოშობს რამე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.