სამართალი
ბენ ჰოჯესი - არ გავაკეთებდი პროგნოზს, რომ ნატო-ში შესვლით აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ დაიკარგება

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. თუ ვინმე ამბობს, რომ ნატო-ში შესვლით აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ დაიკარგება, ამგვარ პროგნოზს არ გავაკეთებდი - არსებობს პრეცედენტი, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას შიშმა, „თუ ქვეყანა ალიანსს ისე შეუერთდება, რომ მე-5 მუხლმა არ მოიცვას ოკუპირებული ტერიტორიები, ეს ტერიტორიები შესაძლოა, სამუდამოდ დაიკარგოს“.

„უპირველეს ყოვლისა, თუ სტრატეგიულად და გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, თუ რა არის საუკეთესო საქართველოსთვის და რა არის საუკეთესო ნატო-სთვის, ამგვარ პროგნოზს არ გავაკეთებდი. ვგულისხმობ, თუ ვინმე ამბობს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ დაიკარგება, ამის პროგნოზირებას არ გავაკეთებ. ნატო-ში დასავლეთ გერმანია მივიღეთ და დაახლოებით 35 წლის შემდეგ ცივი ომი დასრულდა, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილიც ნატო-ში შევიდა, როგორც გაერთიანებული გერმანია. ასე რომ ვფიქრობ, რომ პრეცედენტი არსებობს. თუმცა არ ვთვლი, რომ დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რაზე შეუძლია რუსეთს ვეტოს დადება. ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო. რატომ სხედან ისინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სარკოზის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 12 წლის შემდეგ - რა მიზნით არიან ისინი იქ დღემდე?“, - აღნიშნა მან.

ჰოჯესმა ისაუბრა იმ მოსაზრების შესახებაც, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ შეიძლება, როგორღაც რუსეთის პროვოცირება მოახდინოს. მისი თქმით, ეს არ მოხდება.

„ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც რუსეთის პროვოცირებას იწვევს, სისუსტე და დასავლეთის მხრიდან გამბედაობის ნაკლებობაა - ესაა ის, რაც რუსეთს აპროვოცირებს. თუ გავიხსენებთ ყველაფერს, რაც კრემლმა შავი ზღვის რეგიონში 2008 წლის შემდეგ გააკეთა: საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა, დონბასში შეჭრა, ჯარისკაცები მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთის ოკუპაცია - ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს მნიშვნელოვნად შეამცირა სამხედრო შესაძლებლობები ევროპაში, ისევე, როგორც ევროპულმა ქვეყნებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები. რუსული მოქმედებებიდან არც ერთი არ ყოფილა დასავლეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგი, რადგან ჩვენ გავაგრძელეთ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების შემცირება, სანამ ეს საბოლოოდ არ შევაჩერეთ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის შემდეგ, შემდეგ - ისევ გავაძლიერეთ. თუმცა, მთელი ეს აგრესია მოხდა მას შემდეგ, რაც თავი ისე დავისუსტეთ ევროპაში, როგორც არასდროს. შესაბამისად, ამის არ მჯერა, ეს სიყალბეა, რასაც კრემლი ახალისებს, ვინაიდან მათ არ სურთ, რომ ჩვენ ინიციატივა გამოვიჩინოთ, არ სურთ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, არ სურთ, რომ საქართველო, სერბეთი, უკრაინა ან მონტენეგრო - ასეთი ქვეყნები დასავლეთში ინტეგრირდნენ, ეს უკანასკნელია, რაც მათ უნდათ“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.