სამართალი
კობახიძე - კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე პირი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას.

პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას", - განაცხადა კობახიძემ.