სამართალი
სუს-ი - გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გაწევის შესახებ მზადყოფნა გადაეცა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ოკუპირებულ გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა დახმარების გაწევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი.

„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“, - აცხადებენ სუს-ში.

ცნობისათვის, ოკუპირებული გალის რაიონში ტყის ხანძარი 4 იანვრის დილას გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე სახლებსაც მოედო, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გალში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.