პუბლიკაციები
მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, 11 იანვარს მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლის შესახებ ვრცელი წერილის გამოაქვეყნების შემდეგ, პირველი ინტერვიუ მისცა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან 69 წუთიან ინტერვიუში ივანიშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, 2013 წელს პოლიტიკიდან პირველ, დროებით წასვლასთან შედარებით დღევანდელი სიტუაციის განსხვავებებზე, ქართული ოცნების მომავალზე, ოპოზიციის პრობლემებსა და ნატო-ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, სავარაუდოდ, ეს მისი ბოლო ინტერვიუა ქართულ მედიასთან.

ივანიშვილის თქმით, ამჯერად, განსხვავებით 2013 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან პირველი წასვლისაგან, პოლიტიკურ ცხოვრებას მთლიანად ჩამოცილდება და მმართველ პარტიასთან პოლიტიკის შესახებ კომუნიკაცია აღარ ექნება.

„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის… პოლიტიკურ თემებზე მათ ძალიან კარგად იციან და თვითონაც ამას შეასრულებენ, არ დამირეკავენ, არცერთნაირი კრიტიკა მათი ჩემგან არ მოხდება, არ მოხდება ჩემი საჯარო გამოსვლა“, - თქვა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ქართული ოცნების გუნდს თვეების განმავლობაში ამზადებდა პოლიტიკიდან მეორედ წასვლისათვის.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, ამიერიდან „მაქსიმალური ჩემი მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა… არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება“.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ 2013 წელს პოლიტიკა განსხვავებული პოზიციებით დატოვა: „ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი [2013-ში], რომ, რა თქმა უნდა, რჩევებს მივცემ გუნდს და დავეხმარები კიდეც… არაფერი ამით არ დამირღვევია… რჩევების მიცემა არავის არ აუკრძალავს, გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და ვუჭერდი, არჩევნების დროსაც…

პოლიტიკის პირველი დატოვების წლებში მმართველ გუნდთან ურთიერთობის პერიპეტიებზე საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, მაკონტროლებელიც, თუ გნებავთ, მე ასე ვასახელებდი ჩემს თავს მაშინ, მე ვარ, ხელისუფლების… რომ თუ ვინმე, იმ თამაშის წესებს დაარღვევს, იქნება კორუფცია, იქნება გადაჭარბებული ძალის გამოყენება, ან რაღაც მსგავსი, რაც მიუღებელია ჩვენი ხელწერისათვის, ქართული ოცნების, რომელიც დავაფუძნეთ, რა თქმა უნდა, მე ხმას ამოვიღებ და რა თქმა უნდა, მე ანგარიშს მიწევს ხელისუფლება, მთავრობა“.

„მე ვთვლი დღესაც, რომ ანგარიშს მიწევდნენ, რომ იცოდნენ, რომ არ გავჩერდებოდი და არ გავჩუმდებოდი… აი, სწორედ ასე ვახასიათებდი ჩემს მაშინდელ პოზიციას. მე ვიყავი… აქტიური დამხმარე და მხარდამჭერიც ქართული ოცნების, და მაკონტროლებელიც და მაკრიტიკებელიც, თუ გნებავთ“, - განაცხადა ქართული ოცნების დამფუძნებელმა.

ივანიშვილის თქმით, ახლა პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის, იმ ფონზე, რომ თავის დროზე პოლიტიკაში მოსვლა მისთვის იძულებითი ნაბიჯი იყო: „[პოლიტიკა] არაა ჩემთვის სასურველი და საყვარელი პროფესია, მე მოვედი იძულებით, იმიტომ რომ სჭირდებოდა ქვეყანას, იმიტომ რომ მოძალადეების [გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას – რედაქციის შენიშვნა.] მოსარევად არ იყო საკმარისი ძალა და ჩემი დახმარება დასჭირდათ. ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი.. ამიტომაც ვაცხადებდი, რომ მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ“.

ივანიშვილის თქმით, განსხვავებით დღევანდელი ქართული ოცნებისაგან, 2013 წელს წასვლისას მისი „გუნდი იყო გამოუცდელი, იყო ეკლექტური, ეს არ იყო ერთი პარტიის გუნდი“.

მან აღნიშნა, რომ 2016 წელსაც აქტიურად ეხმარებოდა გუნდს, „მყარად ჩამოყალიბებულიყო თავის იდეოლოგიაზე დაფუძნებული და პარტია შემდგარიყო. სამწუხაროდ, მე ამას ვხედავდი და სხვებიც ამჩნევდნენ, ალბათ, რომ ვერ ხერხდებოდა ბევრი მიზეზების გამო“.

შედარებისთვის, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წელს მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ოცნების კოალიციიდან მწვანეთა პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და სხვა მცირე პარტიები ჩამოშორების შემდეგ, მმართველი პარტია დამოუკიდებლად შედგა.

„რაც შემეძლო, მე უკვე გავაკეთე, ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აწ უკვე ყოფილ თანაპარტიელებს ურჩია, მისი მუშაობის მეთოდი გააგრძელონ და გუნდის შიგნით ერთიმეორის კრიტიკულ აზრებს მოუსმინონ. „უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა ხდებოდეს მონაწილეების, ვისაც აზრის გამოთქმა შეუძლიათ, დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას“.

„ერთს ვურჩევდი, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება… არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას… ყველა კრიტიკული და კრიზისული სიტუაციისას მაქსიმალურად ყველა აზრი უნდა მოისმინონ… ეს გამოცდილება აკლიათ ცოტა, ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი აქვთ, პატივისცემა აქვთ, ჰგონიათ, იმან რომ თქვა, იმის საპირისპირო არ უნდა თქვან“, - დასძინა ქართული ოცნების დამაარსებელმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გუნდისთვის მისი წასვლის პოტენციურ რისკებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ:

„გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც არსებობს და შიშიც, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის… ეს ერთ-ერთი ხიფათია, რაც ახლავს გუნდს ლიდერის გარეშე, რომელმაც დატოვა გუნდი“.

ინტერვიუს დიდი ნაწილი ივანიშვილმა პოლიტიკური ოპონტენტების კრიტიკას მიუძღვნა. მან დანანებით აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე განიცდის დეფიციტს ისეთი ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისა, რომლებიც მმართველ პარტიას ჯეროვან ოპონირებას გაუწევდნენ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი სურვილია, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში „ჯანსაღი ძალით“ ჩანაცვლდეს, თუმცა იგი ასეთ ძალას დღევანდელ ოპოზიციაში ვერ ხედავს, რამდენადაც ეს უკანასკნელი „ოპონენტის როლს კარგად ვერ ასრულებს“.

ივანიშვილის განცხადებით, ოპოზიციური ძალები „ვეღარ ახერხებენ თემატურ კრიტიკას, ვერც ერთი მიმართულებით“, იქნება ეს ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, კორუფციისა თუ პოლიციის საკითხები.

„დღევანდელ ოპოზიციას აკლია კონსტრუქციულობა, არ აქვს არგუმენტები და ამიტომაც მთლიანად ჩავიდა სიცრუეში“, განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ „ძალადობაზე“ უნდა თქვას უარი.

ოპოზიციაზე საუბრისას ივანიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კრიტიკაც არ დაიშურა და ამ ფონზე აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, „გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და კაცია, გამოვიდა…“

ყოფილი პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველო ამჟამად „თავისუფლად აკმაყოფილებს“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველა სტანდარტს, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების თუ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დახარჯვის მოთხოვნასაც.

„მაგრამ ისევ, ნაციონალური მოძრაობის 2008 წლის გაუაზრებელი… მოღალატეობრივი პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ რაც გააკეთეს, არათუ ვერ აირიდეს [2008 წლის ომი], ყველაზე დიდი უბედურება და სისულელე, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, ყველაფერი კი გააკეთეს… დღეს პარტნიორებსაც უჭირს საუბარი [ნატოში ინტეგრაციაზე], ჩვენც გვიჭირს საუბარი და არის ასეთ მდგომარეობაში…

2008 წლის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ქმედებამ ბევრი კითხვები გააჩინა“, -დასძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ისაუბრა ხელისუფლების გეგმაზეც, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია შევიდეს ევროპულ კავშირში, სადაც „ჩვენი ადგილია, ეს არის ჩვენი [ისტორიული] ოჯახი“.

2024 წელს განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე, ძალიან დიდი ალბათობით, თუ რამე ახალი უბედურება არ დავაწიეთ საკუთარ თავს…… ჩვენ 30 წლამდე მოვახერხებთ და ვიქნებით ყველაზე საინტერესო ოჯახის წევრი, თუმცა ჩვენ იქ ეკონომიკურად ვერ ვიქნებით ყველაზე მდიდრებში, ვიქნებით ალბათ ბოლოში, მაგრამ უკვე სხვა საშუალებები იხსნება“, -განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: civil.ge