უცხოეთი
მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი - მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები. ჩვენ ვთვლით, რომ ბოიკოტი მოსახლეობის ინტერესების წარმოსადგენად საუკეთესო საშუალება არაა, - ამის შესახებ ესტონელმა პარლამენტარმა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.

„ტინი კოქსის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასების თანახმად, არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო.

პირველი, მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები, რადგან ვხედავთ, რომ ბოიკოტი მოსახლეობის ინტერესების წარმოსადგენად საუკეთესო საშუალება არაა.

მეორე, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველი პარტიის ინიციატივას, ჩამოართვან საბიუჯეტო დაფინანსება და სხვა სარგებელი იმ პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, რადგან ვხედავთ, რომ ამან შესაძლოა, პოლიტიკური სიტუაცია გააუარესოს.

მესამე, მივესალმებით სპეციალური კომიტეტის შექმნას, რომელმაც ის დარღვევები უნდა გამოიძიოს, რომელიც ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირდა. მეოთხე, მივესალმებით საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2024 წელს სრულად პროპორციულად ჩატარებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.

interpressnews.ge