აქტუალური
NDI - გამოკითხულთა 41 პროცენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდა, 41 პროცენტი აცრაზე უარს ამბობს

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, პანდემიასთან დაკავშირებული მოლოდინის შეფასებისას, გამოკითხულთა 33 პროცენტი ფიქრობს, რომ ყველაზე ცუდი ქვეყანამ უკან მოიტოვა, 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის და მხოლოდ 6 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. 22-მა პროცენტმა უპასუხა – „არ ვიცი“.

შეკითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, 41 პროცენტი აცხადებს, რომ აიცრებოდა, ასევე 41 პროცენტი ამბობს, რომ არ აიცრებოდა, 17 პროცენტი აღნიშნავს, რომ „არ იცის“.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მცირედით შეცვლილია საზოგადოების დამოკიდებულება ივნისთან შედარებით.

კერძოდ, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ვაქცინას გაიკეთებდა, 38%-დან 41%-მდე არის გაზრდილი, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც არ აიცრება, 46-%-დან 41%-მდეა შემცირებული.

„NDI“–ს მკვლევრები რამდენიმე მიგნებაზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, მამაკაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები. მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

„NDI“-ს ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.