სამართალი
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

 საქართველო, 3 თბერვალი, საქინფორმი. ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, ექსკლუზიურად „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბრალდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა. დაზარალებული ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა.