რელიგია
ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრები წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს - სინოდი

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 11 თებერვალს გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს, რომ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო არსებული სასაზღვრო დავის განხილვისას 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა იქნას გამოყენებული.

საქართველოს პროკურატურაში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სისხლის სამართლის სადავო საქმის გამოძიება სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი ექსპერტების წინააღმდეგ, რომელთაც აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს 1938 წელს დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დამალვას ედავებიან.

სინოდი თავის განჩინებაში აღნინავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადავო მონაკვეთის, მონასტრები – ჩიჩხიტური და უდაბნო, წარმოადგენს „ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს“. სინოდმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა „სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა“. სინოდმა ასევე აღნიშნა, რომ 1996 წლიდან აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც „არსებულ დე ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა“.

ერთ-ერთი ყოფილი ექსპერტის დაცვის მხარემ განაცახდა, რომ ბაქოსთან მოლაპარაკებებზე 1937-1938 წლების რუკის გამოყენება იმის ტოლფასი იქნება, რომ ბერთუბანი, კომპლექსის მესამე სადავო მონასტერი, რომელიც აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობს, აზერბაიჯანულ მხარეს დარჩება.

აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავის საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და სადელიმიტაციო კომისიის ორი ყოფილი ექსპერტი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. იანვრის ბოლოს ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა წარდგენილი ბრალი არ მოუხსნიათ.

მელაშვილი-ილიჩოვას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილიც. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ორი „პოლიტიკური პატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვდნენ.