სამართალი
ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნება“ პროცესების იმდაგვარ რადიკალიზაციას ახდენს, რომ მთლიანად ჩიხში შეჰყავთ

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“ პროცესების იმდაგვარ რადიკალიზაციას ახდენს, რომ მთლიანად ჩიხში შეგყავთ - აღარ აპირებთ დიალოგის გაგრძელებას?! აღარ გინდათ, ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში?! - ამ განცხადებით უმრავლესობის წევრებს პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

იოსელიანმა “ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, კარგად გაიაზრონ პარლამენტის როლი და არ იქცნენ პროკურატურის გაგრძელებად.

„დღეს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს დავუსვი კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა დანაშაული გირაოს არგადახდა. მითხრეს, რომ როგორც იურისტმა უნდა ვიცოდე, რომ ეს არ არის ცალკე აღებული დანაშაული. კი, გირაოს არგადახდა, დანაშაული არ არის! გირაოს არგადახდის გამო პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ადამიანი საპატიმროში მოხვდეს. დეპუტატის იმუნიტეტის არსი არის ის, რომ დაცული იყო ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და დაცული იყოს ის პოლიტიკური რისკი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ, პოლიტიკოსები ვიღებთ. ჩათვალეთ, რომ არგადახდა არის ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ფორმა. თუკი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის ფორმა იმუნიტეტით არის დაცული, მაშინ იმუნიტეტს რატომ ვუხსნით?! ორი წლის განმავლობაში არ ჰქონია მცდელობა, რომ ზეწოლა მოეხდინა მოწმეებზე, მტკიცებულებების განადგურებას ეცადა ან შეეცადა მიმალვას. როცა არ არსებობს იმის წინაპირობა, რომ მის მიმართ პატიმრობა იყოს გამოყენებული, სასამართლომ ამაზე თავიდანვე თქვა უარი. ჩვენ რატომ ვქმნით ამის წინაპირობას და რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ მელია საპატიმროში მოხვდეს? ხომ არ შეიძლება პარლამენტი პროკურატურის გაგრძელება იყოს?! ხომ შეუძლია პარლამენტს თქვას “არა“ და საქმის არსებით განხილვას დაელოდოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.