აქტუალური
2021 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.5%-ით შემცირდა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.5%-ით შემცირდა და 762.5 მლნ აშშ დოლარი გახდა.

2021 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.2%–ით შემცირდა და 224.4 მლნ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.6%-ით შემცირდა და 538.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 313.6 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2021 წლის იანვრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1%-ია.

2021 წლის იანვარში 126.5 მილიონი აშშ დოლარით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის – თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და აშშ, 115.3 მლნ, 86.2 მლნ, 78.3 მლნ და 39.7 მლნ აშშ დოლარით.

34.4 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია, შემდეგ მოდის ბულგარეთი, ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი 27 მლნ, 26.9 მლნ, 22.7 მლნ და 21.4 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – ჩინეთი, თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და აშშ 99.6 მლნ, 92.9 მლნ, 55.6 მლნ, 51.8 მლნ და 25.4 მლნ აშშ დოლარით.

2021 წლის იანვარში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 49.7 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის – მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 24.9 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 23.3 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 8.8 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 8.7 მლნ აშშ დოლარი; თხილი – 7.2 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 7 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 6 მლნ აშშ დოლარი; ციტრუსი – 3.9 მლნ აშშ დოლარი; მაისურები – 3.3 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 81.7 მლნ აშშ დოლარი.

2021 წლის იანვარში ნავთობის აირები 46.3 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის – მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის – 40.8 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 36.6 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები – 32.9 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 17.6 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 17.6 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 12.1 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 12 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 10.4 მლნ აშშ დოლარი; საბურავები – 7.5 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 304.3 მლნ აშშ დოლარი.