აქტუალური
სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი - აუცილებელია, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ნებისმიერ პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დადგეს

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ევროპარლამენტარები სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ნებისმიერ პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დადგეს.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციურ ჯგუფებს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალიზაციისთვის, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სარგებლის მომტანი არანაირად არ არის და არ უზრუნველყოფს კრიზისის დაძლევას.

ერთადერთი გზა, საქართველომ გადაჭრას ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისი ისე, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის, რომ ყველა მხარემ უკან დაიხიოს, თავი შეიკავოს პოლარიზებული რიტორიკის, ასევე ისეთი ქმედებებისგან, რაც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთოს დიალოგში. აუცილებელია, ყველამ, ვისაც ძალაუფლება ანდეს, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები ნებისმიერი პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დააყენოს“, – ნათქვამია განცხადებაში.