სამართალი
გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვთქვით სხვადასხვა ვარიაციები თარიღების და რიგგარეშე არჩევნების წინაპირობების, მაგრამ ველოდებით პასუხს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. პროგრესი ნამდვილად გვაქვს განხილვებში, მაგრამ ეს ჯერ არ არის ის ნიშნული, რაზეც შეთანხმება შეიძლება შედგეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს 6-პუნქტიანი დოკუმენტის ყველა პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნების თარიღისა და წინაპირობის სამი ვარიაცია დაასახელეს, თუმცა, ამ საკითხებზე პასუხს ელოდებიან.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე "ქართული ოცნებიდან" ახალ პოზიციებს მოისმენენ.

"შინაარსობრივ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გარკვეული პროგრესი გვაქვს, რაც მე პოზიტიურად განმაწყობს, რომ დღეს დღის ბოლომდე, სადამდეც კიდევ ერთი ან ორი შეხვედრა გვექნება, გარკვეული საკითხები კიდევ დაზუსტდება და კიდევ შეიძლება დაახლოვდეს მხარეების პოზიცია. იმედი მაქვს, რომ დღის ბოლომდე, რაც დარჩა იმ საკითხებზე, ჩვენ ვიხილავთ რაღაც ახალ პოზიციებს "ქართული ოცნების" მხრიდან.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ დოკუმენტზე, რომელზეც ვმუშაობდით, ეს არის არა მხარეების დოკუმენტი, არამედ ევროკავშირის და აშშ- ის მიერ დადებული საბაზისო დოკუმენტი, რის გარშემოც მიდის მუშაობა. განიხილება 6- ვე პუნქტი, როგორც პატიმრების და პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო რეფორმის ფუნდამენტური საკითხი და განიხილება რიგგარეშე არჩევნების თემატიკაც, როგორ შეიძლება მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენ სამი ალტერნატივაც კი ვთქვით, სხვადასხვა ვარიაციები თარიღების და წინაპირობების რიგგარეშე არჩევნების, მაგრამ ველოდებით ამ საკითხებზე პასუხს",- აცხადებს ვაშაძე.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თარიღს, ვაშაძის თქმით, განიხლება 2022 წელი.

"თუ ვსაუბრობთ პლებისციტზე, ოქტომბერში რომ პლებისციტი იქნება, რიგგარეშე თქვენი აზრით , როდის შეიძლება ჩაინიშნოს? მომავალ წელს, რომელიც არის 2022 წელი", - განაცხადა ვაშაძემ.