საზოგადოება
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნას „ასტრაზენეკას“ მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხელბლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალციხეში გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. ფაქტის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.