აქტუალური
აფხაზეთიდან კიდევ 13 პირის გადმოსვენება იგეგმება

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანს კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დანიელ მაკსუინს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დამატებით 13 პირის გადმოსვენების საკითხს, რაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის ძალისხმევის მნიშვნელობაზე, გამყოფი ხაზების ყველა მხარეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების კუთხით. აქვე ხაზი გაესვა, რომ ICRC-ს გადამწყვეტი როლი აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიებისა და მათი იდენტიფიცირების ეფექტური პროგრამის შემუშავების პროცესში.

აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება ერთგული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა ძალისხმევა და 2019 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მიზანია აღნიშნულ პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი ესწრებოდა.