სამართალი
შალვა პაპუაშვილი - ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საარჩევნო რეფორმა, პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერება, იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციების და მედიაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა მემორანდუმი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა და რომელსაც შემდეგ „ევროპელი სოციალისტებიც“ შემოუერთდნენ. 2 მარტს, სამუშაო ჯგუფის ერთთვიანი მუშაობის შედეგად, დავაინიცირეთ რეფორმების პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც.

„რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, 12 სარეფორმო პუნქტიდან 5 სწორედ სამუშაო ჯგუფის წევრების ინიციატივაა. დღეს ჩენ ვასრულებთ მემორანდუმის ბოლო პირობასაც და ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს ორი მიმართულებით. პირველი. როგორც იცით, ქართული ოცნების ინიციატივით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდა 1%-იანი ბარიერის პირობებში, რის შედეგადაც საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მიიღო. 2020 წლის არჩევნები 2024 წლისთვის დადგენილი 5%-იანი ბარიერით რომ ჩატარებულიყო, მანდატებს მიიღებდა მხოლოდ ორი სუბიექტი: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ მაღალია პოლარიზაციის დონე.

3%-იანი ბარიერის პირობებში 2020 წლის არჩევნების შედეგად მანდატებს 6 პოლიტიკური სუბიექტი მიიღებდა, რაც უზრუნველყოფდა პარლამენტში პარტიულ მრავალფეროვნებას, და ამავდროულად მაღალი ალბათობით დატოვებდა პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის ფორმირების შესაძლებლობას. ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამოცანა, ამ ეტაპზე, ორპოლუსიანი სისტემის მრავალპოლუსიანი სისტემით ჩანაცვლებაა, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს, უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.