სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი - შეურაცხმყოფელია, ვიღაც მოგვიწოდებდეს, რომ კრიმინალი სააკაშვილი რაიმე ფორმით ჩაერთოს მოლაპარაკებებში

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში შესაძლო ჩართულობა ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გაგდების პირასა და ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ“.

„ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან პოლიტიკური თანამდებობა დატოვაც და პარტიის თავმჯდომარის პოსტიც. მეორე მხრივ, ღიად განაცხადა, რომ აღარ მონაწილეობს პოლიტიკაში. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას, ეს შეურაცხმყოფელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული და ბრალდებული, მისჯილი პიროვნება ფორმალურად, რაიმე ფორმით ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში.

მინდა ყველას შევახსენო, სააკაშვილი დღეს უკრაინაში გაგდების პირასაა, ალბათ, დღეს თუ ხვალ გააგდებენ. კორუფციულ სკანდალებში გაეხვა თავისი კორუფციული გუნდის ჩართულობით, ყველა კორუფციული საქმე წამოწიეს და მისი გუნდის წევრების დევნა დაიწყეს. რეალურად, ის უკრაინაში არაფერს აკეთებს და ყველაფერი დადგმული შოუა, რასაც ის აქ აკეთებდა. უარესს აკეთებს იქ. სააკაშვილმა საკუთარი სურვილით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცი, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. რაზე მესაუბრებით საერთოდ. ასე, რომ ეს საუბარი უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უფრო ეფექტიანი იქნება, თუ ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი დაელაპარაკება რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე მოლაპარაკებებში არ მონაწილეობენ.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, მათ აიღონ პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. მზად არიან თუ არა კომპრომისისთვის. მზად არიან თუ არა პრობლემის მოგვარებისთვის", - თქვა კუბილიუსმა "ფორმულას" ეთერში.