პოლიტიკა
ტურიზმი, წიწიბურა და ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან გვინდა, ეკონომიკური ფორუმი - არა?!

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. გულბაათ რცხილაძე: რუსეთი რომ საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, გადამწყვეტი მნიშვნელობის მეზობლად რჩება გრძელვადიან პერსპექტივაში, ეჭვს არ იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ კორონაისტერია გვარიანად დაამუხრუჭა, საზაფხულოდ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა და ტურისტების მოლოდინშია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთიდან.

ჩვენი ეკონომიკა, თუკი ამას ეკონომიკა ჰქვია, წლიდან წლამდე შედგენილ მჭლე ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული, როგორც პენსიონერები თვიდან თვემდე მიზერული პენსიის მოლოდინში არიან და სხვა პერსპექტივა, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ. საქართველო, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს და იმპორტით არსებობს, ვერ გაძლებს რუსეთიდან შემოდინებული ფულადი სახსრების გარეშე - იქნება ეს რუსი ტურისტების მიერ დახარჯული ფული თუ რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ვალუტა, რა მაჩვენებლებითაც რუსეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კვლავინდებურად პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, საქართველო საჭიროებს რუსული ხორბლეულის იმპორტს დიდი რაოდენობით. რუსეთის მდიდარი შავმიწიანი რეგიონები აქვეა, ჩრდილო კავკასიაში, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში. ხარისხიანი ხორბალი, შვრია, ქერი თუ წიწიბურა, რომლის გაძვირებამ ესოდენ შეაშფოთა ეკონომიკის მინისტრი, ყველაზე უფრო იაფად სწორედ რუსეთში იშოვება.

რაც არ უნდა ბევრი ვიყვიროთ თურქეთზე მიჩუქებულ რიონის ხეობაზე და, იმისგან დამოუკიდებლად, ეს პროექტი განხორციელდება თუ არა, თურქულ-აზერბაიჯანულ რკალში მოქცეული საქართველოსთვის რუსული ენერგოშემცველები მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩება; სწორედ რუსეთია ის მხარე, საიდანაც შეიძლება, შველა წამოვიდეს და ჩანაცვლებულ იქნას თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი, რომელიც მეგობრულად გვიხუტებს, მაგრამ ამ ჩახუტებულ მდგომარეობაში თანდათან გვახრჩობს.

ამიტომ, რუსეთისადმი წაყენებული ე. წ. ოკუპაციის პრეტენზიები არ უნდა ავურიოთ ჩვენსავე ეკონომიკურ ინტერესებში და, დიდი დიპლომატია არ მოგვეთხოვება, უბრალოდ, ნორმალურად მოვიქცეთ. ნორმალური ქცევა კი იმასაც გულისხმობს, რომ შევწყვიტოთ სირაქლემის პოზაში დგომა, დავინახოთ რეალობა, გავუსწოროთ მას თვალი, გადავდგათ ისეთ ნაბიჯები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობებს გააუმჯობესებს და ჩვენს ქვეყანას ოდნავ მაინც წაადგება პოლიტიკურად და, განსაკუთრებით, ეკონომიკურად.

ერთ-ერთ ასეთ საშუალებად გვევლინება პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ისტორიაში 24-ედ ტარდება. წარმომადგენლობითი ფორუმი წელს 2 ივნისს გაიხსნება და 5 ივნისამდე გასტანს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას რუსეთის სამთავრობო და ბიზნესელიტები ანუ ისინი მიიღებენ, ვინც სტრატეგიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი. პეტერბურგში ასევე წარმოდგენილნი იქნებიან გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ყატარის გავლენიანი ბიზნესმენები და მენეჯერები.

საქართველოს გადასახედიდან, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფორუმის ის სესია, რომელიც შეეხება რუსეთის როლს საკვები პროდუქტებით მსოფლიოს უზრუნველყოფაში ანუ გლობალურ სასოფლო-სამეურნეო უსაფრთხოებაში. რუსეთის მიღწევები სოფლის მეურნეობაში შთამბეჭდავია. ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ მიაღწია იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოებით არაერთ წამყვან დარგში. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის უსაფრთხოება საკვები პროდუქტებით მომარაგების თვალსაზრისით, ასი პროცენტით არის უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, რუსეთი იქცა დანარჩენი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს მომმარაგებლად, სოფლის მეურნეობის პროდუქციით.

სხვა თუ არაფერი, ამ გამოცდილებას შესწავლა და საქართველოს რეალობაში გადმოტანა სჭირდება, საქართველოს, თავისი მასშტაბებისთვის, ხომ საკმაოდ დიდი სასოფლო-სამრეწველო პოტენციალი აქვს, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც, რომ ზოგიერთ წამყვან დარგში საკუთარი ბაზრის მოთხოვნები დიდწილად დააკმაყოფილოს.

ფორუმზე საინტერესო მოხსენებები იქნება იმასთან დაკავშირებითაც, თუ რას აკეთებს რუსეთი, საბოლოოდ დაძლიოს თავისი ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობის ექსპორტზე და გაზარდოს ალტერნატიული ენერგიის წილი.

ეს და სხვა უამრავი საინტერესო თემა განიხილება სანკტ-პეტერბურგის ფორუმზე. საქართველომ არასგზით არ უნდა მოახდინოს ამ ფორუმის უგულებელყოფა და, მით უმეტეს, ბოიკოტი. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა აუცილებელია რაღაც დონეზე მაინც, რომ, სულ მცირე, ინფორმაცია მაინც გვქონდეს ჩვენს სამეზობლოში არსებულ ტენდენციებზე“.