პოლიტიკა
გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები შეიძლება გახდნენ ამნისტირებულები

 საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. მართალია, რომ მე გუნდთან საუბარში ვამბობდი და მეჭირა პოზიცია, რომ იმუნიტეტი იყო მოსახსნელი. ეს პოზიცია მქონდა მაშინ და ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. მე მართლა ამ პოზიციას ვიცავდი. შემდეგ, როდესაც საკითხი დადგა იმ ფორმით მელიას დაკავებაზე, ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრით, ეს იყო ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი რამდენიმე მიზეზის გამო. ეს უაღრესად დიდი რისკის ქვეშ აყენებდა სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სერიოზულ რისკებს უქმნიდა „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას.

„მე დღესაც ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთადერთი, რასაც მიაღწია იმით, რაც გააკეთა და როგორც გააკეთა, მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად, პარლამენტის შტურმში ორგანიზატორი არ იქნება სასამართლო წინაშე წარდგენილი და მართლმსაჯულება არ აღდგება, რადგან პოლიტიკურად მოტივირებული გახდა მელიას შემთხვევა. საერთაშორისო პარტნიორების ჩაერივნენ იმისთვის, რომ სიტუაცია ქვეყანაში დაწყნარებულიყო. ფაქტობრივად, ამნისტიის სახით მივიღეთ გათავისუფლებული სისხლის სამართლის კონკრეტული ბრალდებით დაკავებული ხალხი. როდესაც საქართველოს ბოლო 7-8 წლიან ისტორიაში პოლიტიკური პატიმარი საერთოდ არ არსებობდა, შეთანხმების ნაწილი გახდა პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. პოლიტიკა კომპრომისებია. მე ვიდრე შემეძლო გარკვეული პოლიტიკური როლის ფუნქციის შესრულება, მე იქ ვიყავი. ეს კედელი გუნდური იყო. ბევრი ხალხი იყო. მე როდესაც ვამბობ, რომ მმართველობის სისტემა არ არის დაბალანსებული და ინსიონალური წესრიგი არ არის, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც მომენტში პარტია - ჩემი, აღმასრულებელი ადამიანის უფლებამოსილებაში შემოიჭრა პირდაპირ. ეს გადაწყვეტილება იყო თავიდან ბოლომდე ჩემი. არავისთან შემითანხმებია, რა კომუნიკაცია იყო, ვისთან და ვის მიერ, არ მაინტერესებს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა შს მინისტრის გადაყენება ნიკა მელიას დაკავების ოპერაციამდე, გახარია აცხადებს, რომ ეს ქვეყანას კრიზისში შეიყვანდა.

გომელაურის გადაყენება შესაძლებელი იყო, თუმცა ეს იქნებოდა ქვეყნის საჩუქარი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს კრიზისში შეიყვანდა ქვეყანას, ბევრად უფრო დააზიანებდა“, – აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას მხარს არ დაუჭერდა.

„ჩემთვის მიუღებელია, რომ შეთანხმების საგანია ამნისტია, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მე დღეს ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მე ეს ამნისტია არ გვჭირდება. „ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები დღეს შეიძლება გახდეს ამნისტირებულები და მათ ვიღაცამ სამუდამო იმუნიტეტი შესძინა, რადგან თურმე პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც ადამიანებს მოუწოდებდა პარლამენტის შტრურმისკენ. დღეს ვიღაც გამოვა და იტყვის, გახარია „ნაცაიონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალსო. ადამიანები, რომლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ პარტია დაეზიანებინათ“, – განაცხადა გახარიამ.