საზოგადოება
დენის შმიგალი - „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ხაზს უსვამს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი ხაზს უსვამს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ შექმნეს „ასოცირებული ტრიო“, რომელიც, ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ამბიციებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები და მეორე მხრივ, იძლევა საშუალებას, უფრო ეფექტურად მოემზადონ აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტისთვის. კერძოდ, ეს არის რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან დაკავშირებით ყურადღების გამახვილება“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი 17 მაისს გააფორმეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2 ივნისს, გვიან ღამით ეწვია. დენის შმიგალი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.