უცხოეთი
ანგელა მერკელი - ნატო-ს სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი დიდ გამოწვევას წარმოადგენს

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ნატო-ს სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიტყვი, რომ დღევანდელი საუბრებიდან ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი წარმოადგენს დიდ გამოწვევას“, – განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

ანგელა მერკელის თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთი ნატო-ს განიხილავს არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც მოწინააღმდეგეს.

„დღეს რამდენჯერმე ნახსენები იყო უსაფრთხოების მხრივ ცვალებადი სიტუაცია, რაც, დღეს მყოფი წარმომადგენლების თანახმად, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რუსეთი განიხილავს ნატოს არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც მოწინააღმდეგეს, რაც ვფიქრობ, „ცივი ომის“ დასრულებიდან 20 წლის შემდეგ ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე რუსეთთან და ჩინეთთან დიალოგის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ჩინეთი ბევრ საკითხში ჩვენი მეტოქეა, თუმცა ასევე ბევრი ასპექტით ჩვენი პარტნიორიცაა, რაც ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ გუშინ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგის შეთავაზება, როგორც ამას რუსეთთან ვაკეთებთ და გამოსავლის ძიება ვცადოთ. თუმცა იქ,ს ადაც არის საფრთხეები და ასეთებია ჰიბრიდულ სფეროში, ნატო უნდა იყოს მომზადებული“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

1tv.ge