პოლიტიკა
22 ივნისს ქართველმა პოლიტიკოსებმა გაიხსენეს გახელაძე და არა დიდი სამამულო ომის გმიები! - საქინფორმი

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. გუშინ, ჩვენს სამშობლოზე ფაშისტური გერმანიის ვერაგული თავდასხმის დღეს, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსს, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, არც ერთ სიტყვით არ უხსენებია დიდი სამამულო ომი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამარჯვებისთვის შეწირულ მილიონობით სიცოცხლეს შორის ასობით ათასი საქართველოდან იყო და რომ მთავარსარდალი ქართველი იყო - სტალინი!

სამაგიეროდ, ყველა განიხილავდა, თუ როგორ გაათავისუფლონ გახელაძე ცხინვალის ციხიდან. ვინ არის გახელაძე? სულელი, დონ კიხოტი, თუ უბრალოდ - პროვოკატორი? სამხედრო საველე ფორმაში გამოწყობილმა სოფლელმა ყმაწვილმა თოფით ხელში გადალახა მავთულხლართები და გადავიდა რუსი მესაზღვრეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი გახსნა. როგორ დავუბრუნოთ შვილი, ქმარი, მამა უბედურ ოჯახს? მხოლოდ დიალოგის გზით - რუსებთან და ოსებთან, რომელთა მხარდამხარაც ქართველები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა აირჩიეს არასწორი - ბრალდებებისა და საჩივრები გზა ევროკავშირში.

გუშინ საქინფორმი იუწყებოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც შეიმუშავებს და განახორციელებს "დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიას". საინტერესოა, როგორ იქნება დაკომპლექტებული ეს კომისია? ვინ არიან ეს "კვლევითი ცენტრები, ენ–ჯე–ოები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები და ფართო საზოგადოება", ვინც გააერთიანებს საქართველოს და შეარიგებს ქართველებს ოსებსა და აფხაზებთან? ისევ მცდარ გზას ხომ არ აირჩევენ ჩვენი პოლიტიკოსები, ხომ არ ჩართავენ ამაში საერთაშორისო თანამეგობრობას?

ამას მალე შევიტყობთ...