უცხოეთი
კოჯორში მდებარე ბერიას აგარაკი აუქციონზე გაიყიდა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიღების პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მფლობელი მის გადაკეთებას ვერ შეძლებს.

მიტოვებული სახლი დაბა კოჯორში, რომელიც სსრკ–ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრისა და შს მინისტრის ლავრენტი ბერიას საზაფხულო რეზიდენცია იყო, აუქციონზე 2 მლნ 504 ათას ლარად გაიყიდა, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ქონების აღწერის მიხედვით, გაყიდულია დაახლოებით 22,6 ათასი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები.

აუქციონის გამარჯვებული გახდა კომპანია „იბეროტელი“, რომელიც ქართველი ბიზნესმენის ზურაბ ციხისთავის კომპანია „პარკ კაპიტალ მენეჯმენტს“ ეკუთვნის.

არსებობს ვერსია, რომ ახალ მფლობელს შენობის ელიტურ სასტუმროდ გადაკეთება სურს, თუმცა ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიღების პროცესშია, რაც იმას ნიშნავს,რომ ახალი მფლობელი მას ვერ გადააკეთებს.

საბჭოთა პერიოდში შენობა თანამდებობის პირებისთვის სამთავრობო დასასვენებელ ბაზას წარმოადგენდა. აქ გაიხსნა პირველი ბავშვთა სახლი, ხოლო სსრკ-ის დაშლის შემდეგ - ბავშვთა ბანაკი. 2005 წელს ტერიტორია მიტოვებული აღმოჩნდა.

ობიექტი აუქციონზე სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გავიდა. პროექტი 2019 წლის ნოემბრიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით. ობიექტების ჩამონათვალში შედის უძრავი ქონება, სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა შ.

sputnik-georgia.com