უცხოეთი
ისრაელში აცხადებენ, რომ “წითელი ქვეყნებიდან” მგზავრთა დიდი ნაკადია – ყველაზე მეტი ინფიცირებული რუსეთის რეისებზეა, ჩამონათვალში საქართველოც არის

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ისრაელში 1-ელი ივნისიდან რუსეთიდან თითქმის 5 ათასი მგზავრი ჩავიდა, მათგან 31 კოვიდ19-ით იყო ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემს პორტალი Ynet-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ინფიცირებულთა და რუსეთიდან ჩასულ მგზავრთა საერთო რაოდენობის კოეფიციენტი 0,64%-ს შეადგენს, რაც ამ პერიოდში ისრაელში ერთი ქვეყნიდან ჩასული მგზავრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Ynet-ი წერს, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რუსეთი “წითელ სიაშია” შეყვანილი, სადაც შედიან კორონავირუსის მაღალი და სახიფათო გავრცელების ქვეყნები.

პორტალი ბენ გურიონის აეროპორტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მომდევნო კვირაში დაგეგმილია, მინიმუმ, 16 რეისი მოსკოვი-თელ ავივის მიმართულებით.

ასევე, აღინიშნება, რომ ბოლო დროს ისრაელში ეთიოპიიდან 681 მგზავრი ჩავიდა, მათგან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა; მალდივის კუნძულებიდან 337 ადამიანი, მათგან ერთია ინფიცირებული.

ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც, საიდანაც ისრაელში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 11,763 მგზავრია ჩასული და მათგან 4 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა; უკრაინიდან – 2866 და არცერთი ინფიცირებული; 1678 ბელორუსიდან და 8 ინფიცირებული; ეგვიპტედან 1305 მგზავრი, მათგან ერთი იყო კოვიდდადებითი.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ორი დღის წინ, ბენ-გურიონის აეროპორტში მგზავრების მიღების ცუდი ორგანიზების გამო, უპრეცედენტო შემთხვევა მოხვდა, როდესაც ათასზე მეტმა ადამიანმა აეროპორტი კორონავირუსზე ტესტის ჩაბარების გარეშე დატოვა.

kvira.ge