საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსს ეთამაშებიან – შეზღუდვებიდან მხოლოდ შენობებში ნიღბების ტარება დატოვეს! – საქინფორმი აფრთხილებს

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით.

„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. „დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეებში. შეზღუდვა და პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი აქვს, პირბადე უნდა ატაროს, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო“, – განაცხადა ღიბრაძემ.

ამასთან, შეზღუდვა, რომელიც დარჩა, უპირველეს ყოვლისა, ეხება ღამის კლუბებს და მათი მუშაობა კვლავინდებურად შეზღუდულია, – განაცხადა მან. მისივე თქმით, რესტორნები იმუშავებენ ღამის 12:00 საათამდე.

საქინფორმი სთხოვს მოსახლეობას, ყურადღებას ნუ მიაქცევენ შეზღუდვების მოხსნას და მაქსიმალურად შეასრულონ ყველა უწინდელი ზომა - დეზინფექცია, ნიღბები, დისტანცია, უარი მასობრივ ღონისძიებებზე. საქართველოში, სავარაუდოდ, გავრცელდება ინდური შტამი "დელტა", რომელსაც მოწინავე ქვეყნებიც კი ვერ უმკლავდებიან. ხოლო საქართველო, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია ჩაიშალა და ჰოსპიტალური სექტორი ცუდ მდგომარეობაშია, ვერ გაუძლებს ახალ შტამებსა და ინფექციის "მეოთხე ტალღას". მით უმეტეს, რომ თურქეთმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობდა, გადაწყვიტა - რაც იქნება, იქნებაო! - და ყველა შეზღუდვა მოხსნა. საქართველო-თურქეთის საზღვარი კი სიმბოლური ცნებაა...