პოლიტიკა
ევროკავშირმა აღმოსავლელი პარტნიორებისთვის აღდგენის, მდგრადობისა და რეფორმების განახლებული დღის წესრიგი წარადგინა

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ევროკომისიამ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 2 ივლისს წინადადება წარადგინეს, თუ როგორ უნდა წამოიწიოს წინ აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობის პრიორიტეტები უახლოეს წლებში, რომელსაც გაამყარებს 2.3 მლრდ ევროს ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა გრანტებით, შერეული რესურსებით და გარანტიებით, 17 მლრდ ევროს ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზაციის პოტენციალით.

ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, განვითარებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, ინვესტირებას კავშირებში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, ეკოლოგიური და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერასა და სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებებების ხელშეწყობას.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ „ჩვენი მუშაობის საფუძველი იქნება დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერების ხელშეწყობა, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად“.

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, რომელიც 6-9 ივლისს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ესტუმრება, განაცხადა, რომ ახალი დღის წესრიგი „ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ, გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს და შექმნის სავაჭრო გზებს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის“. მისივე თქმით, გეგმა მოიცავს საფლაგმანო ინიციატივებს ყველა აღმოსავლეთ პარტნიორისთვის.

ევროკომისარმა განაცხადა, რომ ახალი დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი არქიტექტურის გადასინჯვას, რათა ჩარჩო ახალ პრიორიტეტებს მოერგოს და დასახულ მიზანს სრულად შეესაბამებოდეს.

ეს წინადადებები განიხილება პარტნიორ ქვეყნებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდება.

აღმოსავლეთ პარტნიორობა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით 2009 წელს ჩამოყალიბდა ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოს, სომხეთსა და უკრაინას შორის.