პოლიტიკა
საქართველო რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა, არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, დამოუკიდებლად და დროულად გამოიტანოს კომპეტენტური გადაწყვეტილება კომერციულ საქმეებზე. ზოგიერთი საქმე წლების განმავლობაში რჩება სასამართლოში.

„სხვა კომპანიები ჩივიან გადაწყვეტილების მიღების არაეფექტური პროცესის გამო, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებზე, კანონისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე. საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ საკითხების გადაჭრაზე და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, რეგიონში რეიტინგების ლიდერია, როგორც კარგი ადგილი ბიზნესისთვის“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებით, საქართველოს რეიტინგი საგრძნობლად გაუმჯობესდა გლობალური ბიზნესის, მმართველობის, კორუფციისა და სხვა ინდექსებში, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა. ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და წერია, რომ აშშ-ი არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობას.