რედაქტორისგან
რატომ არ წარმოადგენს პრიორიტეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომიდან 13 წლის შემდეგ - არნო ხიდირბეგიშვილი

     სამშობლო - ეს უფრო ხალხია, ვიდრე ტერიტორია“

                                                             მელორ სტურუა

   განვჭვრეტ ამ სათაურის წამკითხველი ქართველი დემაგოგების მოჩვენებით გულისწყრომას, რომელთა პატრიოტიზმი ვლინდება მხოლოდ ბრტყელ–ბრტყელ სადღეგრძელოებში "საქართველოს გაუმარჯოს!": "კაცო, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ოდითაგან ქართული მიწების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოდაბრუნებაა?!”, - წამოიძახებენ ისინი ხელში სავზე ყანწებით და მართლებიც იქნებიან. ასეთი არაორდინარული მოსაზრების ხმამაღლა გამოთქმით, რომელსაც, მართალია, გულის სიღრმეში იზიარებს ჩემი სამშობლოს მთელი ქართველი და არაქართველი მოსახლეობა (ლტოლვილებიც კი), რისკავ შენ მიმართ საჯარო ოსტრაკიზმის გამოწვევას და განადგურებას ორივე მხრიდან: სააკაშვილის ოპოზიციის, ვისთვისაც რუსული ოკუპაცია - "პროკრემლისტური" მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის მორიგე ლოზუნგია; და "ქართული ოცნების" მხრიდან, ვისთვისაც რუსული ოკუპაცია ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ დამტკიცებული ტრაფარეტია. (იმაზეც მადლობა, რომ დღეს საქართველოში სგავსი "რუსოფილიისთვის" არ ჩაგქოლავენ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს, თუმცა სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ სისხლიანი რევანში მზადდება.)

   მაინც რა არის ეს პრობლემები, როგორც ახლა მოდურია გამოთქმა - „გამოწვევები“, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის სუვერენიტეტზე მნიშვნელოვანი გახდა და უკანა პლანზე გადაწია ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაც კი? ყველა ეს გამოწვევა სასიკვდილო საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და პირველი მათგანი არის კორონავირუსი, რომლის ეპიდემიაც საქართველოში დაიწყო 10 თვით გვიან, ვიდრე მთელ მსოფლიოში და თუნდაც მეზობელ სომხეთში, კერძოდ, 2020 წლის 12 ოქტომბერს, თურქეთთან საზღვრის გახსნის ორიოდე თვის მერე. თუმცა, 10-თვიანი ლუფტი პრემიერ –მინისტრმა გახარიამ არ გამოიყენა ახალი ჰოსპიტალური სივრცეების შესაქმნელად, ექიმების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ვაქცინების შესაძენად (მომხდარის მიზეზები საყოველთაოდ ცნობილიდა ამ პუბლიკაციაში არ განვიხილავთ).

   ახალმა პრემიერ -მინისტრმა ღარიბაშვილმა პირადად შეუწყო ხელი ვაქცინების ორი მილიონი დოზის შეძენას და, მთლიანობაში, სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად დაიხარჯა დაახლოებით ორი მილიარდის კრედიტი, მაგრამ საზღვრების გახსნა კვლავ დასრულდა SARS-CoV-2–ის, ახლა უკვე D- შტამის აფეთქებით, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება: ყველა საავადმყოფო და კოვიდ-სასტუმრო გადატვირთულია, არ არის საკმარისი ექიმები, „სასწრაფო დახმარების“ სამსახური კოლაფსშია. ამავდროულად, მეზობელი სომხეთისა (მაქსიმუმ 300 -მდე ინფიცირებული, 0 -დან 7 -მდე ლეტალური შემთხვევა დღეში) და შორეული ჩინეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იზოლაციაა სახელმწიფოს მასშტაბებში.

   ეს ბადებს რიგ არაჰუმანურ, თუმცა პრაგმატულ კითხვებს, მაგალითად: ნუთუ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მოგებამ გადააჭარბა პანდემიასთან საბრძოლველი კრედიტების ჯამსა და მოსალოდნელ ხარჯებს? იყო თუ არა საზღვრების გახსნა "რენტაბელური", დღეში 4000-ზე მეტი ინფიცირებულისა და 40-მდე ლეტალური შემთხვევის გათვალისწინებით, მით უმეტეს, რომ ტურისტების უმეტესობამ "წითელ ზონაში" შეტანილი საქართველო უკვე დატოვა? ნუთუ მხოლოდ ეკონომიკური რენტაბელობის გამო გაიხსნა საზღვრები ტურისტებისთვის, რამაც საბაბი მისცა სააკაშვილს, დაედანაშაულებინა რუსი ტურისტები საქართველოში ეპიდემიის მეოთხე, უპრეცედენტოდ საბედისწერო ტალღაში? პრემიერი ღარიბაშვილი დანებდა კერძო ბიზნეს–სექტორის, სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელების ზეწოლას, რომლებიც შემოსავლების გარეშე დარჩენას ზედიზედ მეორე სეზონზე რისკავდნენ (თუმცა სახელმწიფო გულუხვად უხდის ეგრეთ წოდებული კოვიდ–სასტუმროების მფლობელებს), თუ ღარიბაშვილზე გარედან განხორციელდა ზეწოლა დასავლელი პარტნიორების მხრიდან? ლოქდაუნის პირობებში ხომ ვერ ჩატარდებოდა გასულ პარასკევს დასრულებული ნატოს საერთაშორისო წვრთნები "Agile Spirit", რომელიც 2020 წელს პანდემიის გამო გაუქმდა!

   არსებობს სხვა კითხვებიც: სთხოვს თუ არა საქართველო დახმარებას რუსეთს, რომელმაც ექიმების და აღჭურვილობის გაგზავნით იტალია გადაარჩინა პირველი ტალღის დროს საველე ჰოსპიტლების გახსნით? საველე ჰოსპიტლები და გამოცდილი მედპერსონალი დღეს ხომ ერთადერთი ხსნაა საქართველოსთვის! მაგრამ რატომ ჩამოდიან დაავადებულები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან, ჩვევისამებრ, ზუგდიდსა და გორში, ნუთუ რუსეთი მათ სამედიცინო დახმარებას არ უწევს?! 2008 წლის შემდეგ, საქართველოში ყველა კლინიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს უსასყიდლოდ მკურნალობს და იკვლევს საუკეთესო აღჭურვილობით, ახლაც კი ვაქცინაცია და სამედიცინო დახმარება მათთვის ურიგოდ ერგებათ, მაგრამ საქართველოს ძალა ელევა! საქართველოს არც თურქეთი ეხმარება, რომლის ურიცხვი რაოდენობის მოქალაქეები მუდმივად იმყოფებიან აჭარაში, რომელიც უკვე უფრო თურქეთია, ვიდრე საქართველო ...

   მეორე, ეპიდემიაზე არანაკლებ სერიოზული გამოწვევა საქართველოსთვის არის სახელმწიფო გადატრიალების პერმანენტული საფრთხე. როგორ მოხდა, რომ ომის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის No1633 რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო ცხინვალის მძიმე იარაღითა და კასეტური ბომბებით დაბომბვით, დღეს კვლავ ისწრაფვის ძალაუფლებისკენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარიყოს?!

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით შეეცდებიან ღარიბაშვილი - კობახიძე - კალაძის ტრიუმვირატის ჩანაცვლებას (საქართველოს ახალი სამოქალაქო ომის ზღვარზე გაჭირვებით რომ აკავებს!), დააბრუნებენ რა ხელისუფლებაში სააკაშვილის ექს–მმართველ პარტიას, ამჯერად - გაერთიანებული ოპოზიციის სატელიტებით ცოტა „გაზავებულს“, შექმნიან კოალიციურ მთავრობას. "ქართული ოცნება" ხომ ხელს უშლის მთავარი მიზნის განხორციელებას, რომლის შესახებაც 6 აგვისტოს, "Agile Spirit - 2021" - ის საზეიმო დახურვის დღეს, საგანგებო განცხადებაშია თქვა ოპოზიციის რუპორმა, ლეიბორისტმა ნათელაშვილმა, ანუ აშშ - სამხედრო ბაზის განთავსებას საქართველოში.

ვინ შედის საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პროექტის საორგანიზაციო კომიტეტში?

1. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი;

2. აშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი;

3. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი მიშა სააკაშვილი;

4. კლუბისაქართველოს მეგობრები“ - ყოფილი და მოქმედი ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები, ანალიტიკოსები, დასავლეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები და სამხედროები, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები დაასოცირებული ტრიოს პარტნიორი ქვეყნების - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები;

5. პარტიათა ლიდერები, რომლებიც შედიან "გაერთიანებული ოპოზიციის" შემადგენლობაში სააკაშვილის ხელმძღვანელობით - ბოკერია, ვაშაძე, ბურჯანაძე, ნათელაშვილი და სხვები;

6. სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების კუთვნილი, ანდა მათ მიერ ანგაჟირებული (კეზერაშვილი, რურუა, ადეიშვილი, ფიფია, ოქრიაშვილი და სხვ.) ტელეკომპანიები: „მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“, ასევე მათგან ანტიქართული სარედაქციო პოლიტიკით მცირედ განსხვავებული ქიბარ ხალვაშის "რუსთავი 2" და ირაკლი რუხაძის "იმედი".

   აი, რით ახსნება სააკაშვილის მოულოდნელი რენესანსი უკრაინაში, რომლის "ოფისის" დაფინანსებას მოულოდნელად დათანხმდა აშშ - "რეფორმები" მცირე ბიზნესის, მეღვინეობის, მშენებლობის სფეროში და ა.შ.! პროპაგანდირებენ იმის შესახებ, რომ "გენიალური" რეფორმატორი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისთანავე, ის კვლავ აყვავდება, როგორც მისი პრეზიდენტობის დროს - გამოჩნდება სამუშაო ადგილები, დაიწყება ღრმაწყლოვანი პორტი "ანაკლიის" მშენებლობა (აშშ- სამხედრო–საზღვაო ბაზა), ბიუროკრატები და კორუფციონერები ციხეში ამოყოფენ თავს, ხოლო დოლარი და ბენზინი ორჯერ გაიაფდება, როგორც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. ხოლო რეპრესიები, დაკავებები და ექსპროპრიაცია რომ კვლავ დაიწყება, როგორც "ცოცხების ყვავილობის" ხანაში, ამაზე რატომღაც დუმან...

როგორია მოსკოვის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში?

22 ივლისს რფ–ის მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რომელიც ანტირუსული პროვოკაციის გამო შეწყდა, შესაძლოა განახლდეს სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ „მომხდარიდან გაკვეთილი მიიღო”;

28 ივლისს ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინმა დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები პირდაპირი ავიარეისების განახლებაზე, რომლებიც შეწყდა 2019 წლის 8 ივლისს და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა "ადრე თუ გვიან" მოგვარდება;

29 ივლისს რფ–ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელიც გამოეხმაურა Agile Spirit 2021 წვრთნებს საქართველოში, აღნიშნა, რომ ”ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით არა მხოლოდ რუსეთის საზღვრებს გარშემო, არამედ მათთან შემხებლობაშია“, რაც ავალდებულებს რუსეთს „მიიღოს ზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“;

5 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ბიკანტოვმა ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთმა გადაარჩინა სამხრეთ ოსეთის ხალხი განადგურებისგან - შეაჩერა ქართული შემოჭრა აგრესორის მშვიდობისკენ იძულების გზით ოპერაციის განხორციელებით", რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება "მოწოდებულია იქცეს საიმედო გარანტიად განმეორებითი ქართული სამხედრო ავანტიურების წინააღმდეგ", და რომ „რუსეთში არასოდეს დაუსვამთ ტოლობის ნიშანი მ. ნ. სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“. ”ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმდენად, რამდენადაც ქართული მხარე ამისთვის მზად არის. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს თბილისში და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით. ეს სრულად ეხება თბილისის გარე "კურატორებსაც". დროა, მიატოვონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "რეინტეგრაციის" უპერსპექტივო ხაზი საქართველოში ", - განაცხადა ბიკანტოვმა.

   ბიკანტოვის ბრიფინგზე უფრო დეტალურად შევჩერდი, რადგან ქართულმა ოპოზიციამ განზრახ დაამახინჯა მისი ნათქვამის აზრი - აქაოდა, მზაკვარმა რუსეთმა "საქართველოს ერთადერთმა მტერმა" - ისარგებლა რა დასავლეთის აღშფოთებით "საქართველოს პროპუტინისტური ხელისუფლების აშკარა არადემოკრატიული ქმედებების" გამო, საქართველოს ურთიერთობების აღდგენა შესთავაზა! გამოდის, რომ ოკუპანტები მთელი ძალ–ღონით თავს უქონავენ საქართველოს, თუმცა სინამდვილეში რფ–ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მკაცრი განცხადება - აქაოდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება მაშინაც კი, თუ ის დატოვებს ნატოს და არავითარ მოლაპარაკებებს, თუ არა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან, რუსეთი არ აპირებს; არ დააფინანსებს არავითარ ახალ პროექტებს, რუსეთი არ გააუქმებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, რომლებიც 13 წლის წინ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ცნო და არავითარ ქართულ ავანტიურებს არ აჰყვება; რუსეთი არ გაიყვანს თავის სამხედრო ბაზებს, ახალი ქართული შემოჭრის შიშით; არ იქნება რეინტეგრაცია, რუსეთი უბრალოდ ელოდება როდის გამოფხიზლდება ქართველი ხელისუფლება და აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მათთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით!

   რასაკვირველია, სმოლენსის სახ. მოედანზე სტალინის იდუმალი ბორცვიდან გაცილებით უფრო შორეული პერსპექტივები იხსნება, ვიდრე მღვრივე მტკვრის სანაპიროებიდან, მაგრამ მკაცრი გულახდილობის ნაცვლად, ეგებ ღირდა ქართველთა "გულის მოგების" ცდა ტრაგედიის მე -13 წლისთავზე? საგარეო საქმეთა სამინისტროში ხომ სამხედროები კი არა, დიპლომატები მუშაობენ, რომლებიც არასოდეს ამბობენ "არასოდეს"... ქართველებს ძალიან მოენატრათ ტკბილი სიტყვა, ხოლო ამ ბოლო ხანს დასავლეთის მხრიდან მხოლოდ "მათრახებს" იღებენ - აქაოდა, ჩამორჩენილი, არადემოკრატიული ხართ, გეები არ გიყვართ, ეკლესია გიყვართ, ერთსქესიან ქორწინებებს არ აღიარებთ! მართლაცდა, რატომ არ გამოიყენა მოსკოვმა ხელსაყრელი მომენტი, თუნდაც ელემენტარული პრაგმატული მოსაზრებებით?

მაგრამ რუსეთს, როგორც ვხედავთ, სხვა რამ აწუხებს: საქართველოს არავინ ემუქრება და ამასთან, საქართველო, რომელიც სამხედრო ძლიერების რეიტინგით 92 - ადგილზეა ჩადისა და ზამბაბვეს შემდეგ, ვერავის დაემუქრება, მით უფრო რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მაშ, რაში სჭირდება საქართველოს ამდენი იარაღი? - წუხან მოსკოვში, - საქართველომ 75 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მარტო Javelin ATGM Made in USA შეიძინა - 72 მართვადი გამშვები დანადგარი და 410 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, რომლებსაც საწყობში მტვერი ედება! დღეს საქართველო იღებს კრედიტებს პანდემიასთან საბრძოლველად და დამატებით აშშ–სგან ყიდულობს კიდევ 46 მართვად გამშვებ დანადგარსა და 82 ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს "Javelin" 30 მილიონ დოლარად, თითქოსდა პირველი პარტია საკმარისი არ იყო! ისთვის?!".

   "ჯაველინის სისტემა დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - განმარტავს აშშ - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სააგენტო თავის განცხადებაში, სადაც, როგორც ჩანს, უკვე აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს სუვერენულად და ერთიანად თვლიან მათ გარეშე! ნუთუ აშშ–მა არ იცის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დიდი ხანია დაირღვა და ამიტომ მათი დაცვა შეუძლებელია?! იქნებ აშშ - უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ უბრალოდ ფული იშოვა საქართველოსთვის ჩაწოლილი "Javelin"-ის პარტიის მიყიდვით? თუ პენტაგონი ამზადებს სცენარს - "აშშ -მა გახსნა სამხედრო ბაზა საქართველოში, რუსეთი მას ტანკების კოლონით მიადგა, და უცებ გამოდიან ქართველები ჯაველინებით..." და ასე შემდეგ?!

   აი, რას ფიქრობს რუსი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე ხროლენკო, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებები ფარავს რადიუსს 470 კილომეტრამდე - შავი ზღვის დასავლეთ ნაწილსა და სამრეთიდან მეზობელ ქვეყნებს, რუსეთის ჩათვლით. საქართველოს ტერიტორიის სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ 440 კილომეტრია, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ - 200 კილომეტრზე ნაკლები. უაზრობაა ასობით მილიონი ლარის დახარჯვა განვითარებულ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, რაც შეიძლება გამოდგეს მხოლოდ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ოპერაციის მიმდინარეობისას აშშ-სა და ნატოს ჯარების განლაგების დასაფარავად. ანუ ის, რისკენაც ისწრაფვის და რასაც ღიად აცხადებს ქართული ოპოზიცია!

რა ტერიტორიული მთლიანობაზე შეიძლება აქ ლაპარაკი?! ნეტავ, დანარჩენიც არ დავკარგოთ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 9 აგვისტო
საქართველო, თბილისი