უცხოეთი
როგორ გაეპარა კასპაროვს ასეთი შეცდომა - ლეგენდარული ანატოლი კარპოვი „ნეტფლიქსთან“ დაკავშირებულ სკანდალზე

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ჭადრაკში მსოფლიოს მე-12 ჩემპიონმა ანატოლი კარპოვმა კომენტარი გაუკეთა ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს კინოკომპანია „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ. სერიალში „ლაზიერის გამბიტი“, „ნეთფლიქსმა“ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მიმართ ორი სერიოზული უზუსტობა დაუშვა: სერიალში გაფრინდაშვილს მოიხსენიებენ, როგორც რუს მოჭადრაკეს, აგრეთვე ამბობენ, რომ მას არასოდეს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ. ორივე ფაქტი არასწორია.

„უბრალოდ არ ვიცი, როგორ გამოეპარა ასეთი შეცდომა გარი კასპაროვს, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, ბოლომდე არ უნახავს ან ყველაფერს არ ეუბნებოდნენ, რადგან მან შესანიშნავად იცის, რომ გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი დიდოსტატი იყო – როგორც ქალებში, ასევე კაცებშიც. მამაკაცთა დიდოსტატის წოდების მიღება კი მხოლოდ კაცების ტურნირებზე თამაშით შეეძლო. ასე რომ, ამ მხრის ის აბსოლუტურად მართალია. როცა ლაპარაკია კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟებზე, ინფორმაცია უფრო მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, უბრალოდ რომ ეთქვათ საბჭოთა მოჭადრაკე და მაშინ არაფერი იქნებოდა საკამათო, რუს მოჭადრაკედ გამოცხადება კი ეროვნული წარმოშობისადმი მიკუთვნებაა და სრულიად ცხადია, რომ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა, ის ქართველია და ამაყობს ამით. რუს მოჭადრაკეს მას ვერანაირად უწოდებ და არც არასოდეს მოუხსენებიათ ასე. ამბობდნენ – „საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი“, „საბჭოთა მოჭადრაკე“. ან, უფრო ხშირად, „საქართველოს წარმომადგენელი“, „ქართველი მოჭადრაკე“, – განაცხადა კარპოვმა.

ნონა გაფრინდაშვილის მიერ „ნეთფლიქსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, „ნეთფლიქსში“ აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ნონა გაფრინდაშვილის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ თავს დაიცავენ სასამართლოში.

1tv.ge