სამართალი
თაკო ჩარკვიანი: მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზნით შექმნილ სახალხო მოძრაობაში 76 ათასზე მეტი მოხალისეა დარეგისტრირებული

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ეს რუსული უშიშროების სტილია, კახა კალაძე სულ რომ გასკდეს, სხვა განცხადებას ვერ გააკეთებს. ამ დონეზე, რომ შეხვალ ოკუპანტთან გარიგებაში, დაზღვეული არ ხარ, რომ დასალევად ცნობილ „პუტინურ ჩაის“ არ მოგაწოდებენ, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახურმა, თუ საჭიროა, კანონის ფარგლებში დიპლომატებსაც კი უნდა მოუსმინოს.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ოფიციალურ რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კორუფციის სქემებში „დათრეული“ ჰყავს. „ეს რუსული უშიშროების სტილია. კახა კალაძე სულ რომ გასკდეს, სხვა განცხადებას ვერ გააკეთებს. ესენი ჯერ კორუფციის სქემებში ჰყავთ „დათრეული“ - ეს სტილი რუსული უშიშროებისაა.

გარდა ამისა, „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების მიზნით მის მიერ შექმნილ სახალხო მოძრაობაში უკვე 76 ათასზე მეტი მოხალისეა დარეგისტრირებული.

„სააკაშვილის ჩამოსვლის მომხრეების რაოდენობა დღეს 76 000-ს ადამიანს გადასცდა. ესაა ონლაინ დარეგისტრირებული პირები. მართლმსაჯულება დღეს პრაქტიკულად ბანდიტურ წარმონაქმნად იქცა. ჩამოსვლის პასუხისმგებლობაზე ეს ადამიანი, ბუნებრივია, თავად იღებს. ჩვენ პასუხისმგებლობაზე იმაზე ვიღებთ, რომ კანონი იქნება დაცული და ამიტომაც წავედით ევროპული კონვენციით. აქ არ არის ჭიდაობაზე საუბარი... უნდობლობითაა ხალხი „ქართული ოცნების“ მიმართ განმსჭვალული, ასეთი რაოდენობის ხალხი გროვდება და აკეთებს ჯაჭვს. არავის „გაპრავებას“ არ ვაპირებ, მაგრამ მე ვამბობ: ყოფილ პრეზიდენტს იმდენი აქვს გაკეთებული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით, რომ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ძალიან უხერხული მგონია, დღევანდელი ჯოჯოხეთური საქართველოდან, რომ აი, ამ ხალხს გავასამართლებინოთ, თავისი ტყუილ-მართლით, აზელილი ბრალდებებით ყოფილი პრეზიდენტი“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ჩარკვიანი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება ქარდავას წინააღმდეგ არსებულმა ბრალდებებმა ააყირავა.

„რატომ ახლა?! ორმაგი სტანდარტით „ქართული ოცნება“ ვერ იარსებებს, გამორიცხულია. მინდა ვთქვა, რომ თუკი დამნაშავეები დამნაშავეს ასამართლებენ, ეს ქვეყნისთვის კატასტროფულია. დამნაშავეა ქარდავა?! რაზეა საუბარი, ისეთი ბრალდებებია მის წინააღმდეგ, ამან ააყირავა მთელი ყოფილი ხელისუფლება. თუმცა მომხრე ვარ, ეს რეფორმირებულმა მართლმსაჯულებამ განსაჯოს. რჩება ორმაგი სტანდარტისა და შერჩევითი სამართლის განცდა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.