პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ფაქტი, რომ საქართველოს მეგობრები ინტერესდებიან ასეთი ფაქტებით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი.

„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან ასეთ ფაქტებით, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. როდესაც არის თუნდაც ნიშნები იმის, რომ ვიღაცა ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ რა თქმა უნდა, ამით ჩვენი მეგობრები დიანტერესდებოდნენ და დაინტერესდნენ კიდეც, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაციები სინამდვილეს და ა.შ. ამაზე ზოგადი შეფასებები ჩვენგან იცით. რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, მე არ ვარ დიპლომატი და შეიძლება ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ საკითხებში, მაგრამ დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ მე მგონი, იყო აცდენილი, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს.