უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ქვეყნების გადასაწყვეტია, როდის დააკმაყოფილებენ საქართველო, უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს და მზად იქნებიან გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო-ს ქვეყნების გადასაწყვეტია, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, საქართველო და უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს და მზად იქნებიან ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს, –

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი სამხედრო წარმომადგენლობას აფართოებს ბარენცის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე.

სტოლტენბერგმა უპასუხა საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს. მისი თქმით, ნატო-ში ახალი წევრების დამატების გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები იღებენ და რუსეთი ამ პროცესზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს.

„ფუნდამენტური საკითხია, რომ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი გეზი. უნდა თუ არა რომელიმე სახელმწიფოს ნატო-ს წევრობა, ეს მხოლოდ ამ სახელმწიფოს გადასაწყვეტია. და ნატო-ს წევრების გადასაწყვეტია, აკმაყოფილებს თუ არა რომელიმე ასპირანტი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების სტანდარტებს. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. და მან ვეტო არასდროს უნდა მიიღოს. რუსეთი ყოველთვის ცდილობს, თქვას, რომ ნატო-ს გაფართოება პროვოკაციაა. რუსეთი ასე მოიქცა როდესაც პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები გაწევრიანდნენ ნატო-ში. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვქონდა სიმტკიცე, რათა ეს ქვეყნები მიგვეღო.

როდესაც ნორვეგია შეურთდა ნატო-ს, მისი მეზობელი იყო რუსეთი, ანუ მაშინ საბჭოთა კავშირი. სტალინი იყო ნორვეგიის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი, მაგრამ ვაშინგტონმა, ლონდონმა, პარიზმა და ნატო-ს სხვა წევრებმა თქვეს, ნატო-ს კარი ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიას აქვს საზღვარი რუსეთთან და რუსეთს არ მოსწონს ნატო-ში ნორვეგიის გაწევრიანება. ასე რომ, ნატო-ს ქვეყნების გადასაწყვეტია, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, მაგალითად, საქართველო და უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს და მზად იქნებიან ნატო-ში გაწევრიანებისთვის, და ამას სხვა ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

1tv.ge