სამართალი
ლევან იოსელიანი: სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ის პირველი პატიმარი არ არის, ვინც შიმშილობა გამოაცხადა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ. მას პირადი ექიმებიც ჰყავს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც გაავრცელა განცხადება, რომ მონიტორინგის ქვეშაა, ყველა მიაქცევს სათანადო ყურადღებას,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობა სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება.

„ყველა პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და შესაბამისად, სახელმწიფო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნების მეორე ტურია და მთავრი თემა არ არის ის, რაც უნდა იყოს. მთავარი თემა არ არის კანდიდატების მიერ თბილისი და თბილისზე საუბარი. თავზე სახლები გვენგრევა სხვადასხვა ქალაქში და ამაზე არავინ საუბრობს. ამაზე უნდა იყოს დღეს მთავარი დებატები. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ. მას პირადი ექიმებიც ჰყავს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმაც გაავრცელა განცხადება, რომ მონიტორინგის ქვეშაა. იმ ადამიანს ყველა სათანადო ყურადღებას მიაქცევს.

ამ ეტაპზე მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შიმშილობა მისი გათავისუფლების საფუძველი ვერ იქნება. თუ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ის გადაჰყავთ სპეციალურ დაწესებულებაში. ეს სტანდარტული პროცედურაა და თავს გაართმევენ. მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი და ბოლო პატიმარი, ვინც შიმშილობა გამოაცხადა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.