რელიგია
მეუფე ნიკოლოზი: იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა ქვეყნის ისტორიაში

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის მიმართ მქონდა ასეთი გზავნილი - ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა და „დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“.

„მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს. რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი - ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან იწყება, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს.

ვუთხარი ბატონ მიხეილს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს... დიდი სისხლია დაღვრილი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. ანგარიშსწორება არ იქნება პერსპექტიული. მე ეს ვთხოვე ბატონ მიხეილს და მან თავის მიმართვაში ჩაწერა, რაც იმედი მაქვს, გამოქვეყნდება. მინდა თქვენც მოგიწოდოთ, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, ქვეყნის პირველმა პირებმა მოქალაქეებს შემწყნარებლობის მაგალითი უნდა მისცენ.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა თავის დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. ბოლო 30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულებია ჩადენილი, რომელსაც ვადა არ გაუვა არასოდეს, ამიტომ მე ასე ვფიქრობ, რომ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, უნდა ერთმანეთს ყველამ ვთხოვოთ შენდობა. მე ეს ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და ეს მინდა ვუთხრა ყველას. დავიწყოთ ფიქრი საერთო საყოველთაო შერიგებაზე, მაშინ ქვეყანა განვითარდება. დანარჩენი მე არ ვიცი, მე არ ვარ არც იურისტი, არც პოლიტიკოსი, რომ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო.

ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, არ მქონდა საშუალება, რომ ამ თემაზე სინოდის წევრებთან მემსჯელა, ჩემს თავს უფლება მივეცი, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია გამომეხატა.

ყველას მინდა ვუთხრა, მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, პოზიცია მდგომარეობს არა იმაში, რომ დაუსჯელობა სუფევდეს ქვეყანაში, არა, საერთო საყოველთაო შენდობა, მე ვამბობ ერთ მარტივ რაღაცას, ის იყო ქვეყნის პირველი პირი, იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში და ქვეყანას კიდევ ეყოლება პირველი პირები, მე ვფიქრობ, რომ პირველმა პირებმა, ყოფილმა, მოქმედმა, სხვათა შორის ამ ხელისუფლებაშიც გვყავს ჩვენ ყოფილი პირველი პირები და ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მაგალითი შერიგების, შემწყნარებლობის, თანამშრომლობის პირველმა პირებმა უნდა მოგვცენ ჩვენ რიგით მოქალაქეებს”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოზიცია სრულად გაიზიარა.

„რაც ახლა მოგახსენეთ შემწყნარებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ის გამოვა ციხიდან, თვითონ ვკითხე და მისი პოზიციაც არის ზუსტად ასეთი, სრული თანხმობა, არავითარი არცერთი სიტყვა არ შემოუბრუნებია, თქვა, რომ თვითონაც ზუსტად ასე ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.