რედაქტორისგან
რატომ მკურნალობენ სააკაშვილს ივანიშვილის მიერ აშენებულ ჰოსპიტალში და არ ასამართლებენ რამიშვილის ჰოსპიტალის განადგურებისთვის? - არნო ხიდირბეგიშვილი

    გისოსებიანი სარკმელი მასზე უარყოფითად მოქმედებს! წოლით შეიძლება გაეთიშოს თირკმელები, მას სჭირდება ფსიქიკური რეაბილიტაცია თავისუფლებაზე!” - აცხადებენ სააკაშვილის პირადი ვეტერინარი, პირადი ომბუდსმენი და დედიკო გიული, მათ ავიწყდებათ, თუ როგორ უთიშავდნენ თირკმელებს ათასობით პატიმარს მისი პრეზიდენტობის დროს - ხელკეტებით!

   ვუსამძიმრებ სააკაშვილის ჯალათების მიერ მოკლულთა ოჯახებს, რომლებსაც თითქმის ორი თვეა ექვემდებარებიან ფსიქოლოგიურ წამებას - მათ ტელევიზორით აჩვენებენ, როგორ უვლიან სააკაშვილის ყველა ორგანოს პირადი ექიმები, კითხულობენ მის ანალიზებს, როგორც ცნობებს ფრონტიდან, და დაწვრილებით ჰყვებიან, როგორ შეჭამა ფაფა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა - კოვზი დედისთვის, კოვზი - ლიზასთვის! რატომ გრძელდება დღეს საქართველოში წამება - ფსიქოლოგიური, რაც ფიზიკურზე საშინელია?!

   რატომ მოკლეს პოლკოვნიკი თეთრაძე ციხეში წამებით, ხოლო მის ჯალათს - სააკაშვილ- სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ? დიახ, სააკაშვილის გზა, ისევე როგორც ნებისმიერი განუკურნებელი ავადმყოფის, საავადმყოფოში დასრულდება, მაგრამ საქართველოს წინაშე რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის მკურნალობენ მას სამხედრო ჰოსპიტალში, რაც აშშ-სა და ევროპაში უდიდესი პატივია, რომელსაც, სამხედროების გარდა, ეროვნულ გმირებსა და გამოჩენილ მოღვაწეებს მიაგებენ? საქართველოს ტერიტორიების გაყიდვისთვის, თუ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის?!

   რატომ მკურნალობენ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ ჰოსპიტალში და არ ასამართლებენ რამიშვილის მიერ შექმნილი ჰოსპიტალის განადგურებისთვის? ამ უპრეცედენტო მავნებლობისთვის, ფაქტობრივად - სამხედრო დანაშაულისთვის?!

   მთელ მსოფლიოში ხელისუფლება ეძებს კომპრომატებს ოპოზიციის წინააღმდეგ, საქართველოში კი პირიქით: ოპოზიცია ღიად აცხადებს, რომ ამზადებს "კომნდანტე" მიშას გათავისუფლებას, სახელმწიფო გადატრიალებას, ბოიკოტსა და საბოტაჟს, ხელიფლებას კი თავს იყრუებს, ვითომც არაფერი! რატომ არ მუშაობს საქართველოში კანონი, თუ საქართველო სახელმწიფოა?! და რატომ ატარებს ამ სახელმწიფოს ხელისუფლება კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას - იგნორირებას უკეთებს ერთგულ მხარდამჭერებს და ასაქმებს მოწინააღმდეგეებს პრინციპით "ჩვენიანები გაუძლებენ, არსად წავლენ, მტრები კი უნდა გააძღო, რომ გაჩუმდნენ!"?

   რაც შეეხება პრეტენზიებს სარკმელზე გისოსთან დაკავშირებით, რომელთანაც წევს საქართველოს მესამე პრეზიდენტი: სააკაშვილის ადგილი სარკმელთან კი არა, პარაშასთან არის! დიახ, თვითფრინავის ხმაზე შიშით მიწაზე მფოფხავი მთავარსარდლის ადგილი პარაშასთანაა! სააკაშვილმა თავისი იქ ყოფნით სამხედრო ჰოსპიტალი შებილწა, მისი პალატა ციხეა, არც ერთი ქართველი ჯარისკაცი არ დაწვება მის საწოლზე, თუნდაც კვდებოდეს!

   სააკაშვილი გორის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი სექტა, მადლიერების ნაცვლად, აცხადებს, რომ "ეს პირველი გამარჯვებაა, რასაც მოჰყვება სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილის პროპუტინის რეჟიმის დამხობა და საქართველოს რუსეთისგან განთავისუფლება“. თუ არ ჩავთვლით მშივრებსა და მშიშრებს, პათოლოგიურ მეძავებს, მოსყიდულებსა და განაწყენებულებს, ასევე თაღლითებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მიშას ნასუფრალით საზრდოობენ (ბარამიძე, ბურჯანაძე, ბურჭულაძე და სხვ.), სააკაშვილის სექტანტები ცოტანი არიან. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავის და ელექტორატის საზიანოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ადეპტებს პოზიციები შეინარჩუნა ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, ამიტომ შეძლებული „ნაცები“ მიშას გულისთვის რისკს ნამდვილად არ გაწევენ.

   მაგრამ სააკაშვილი საზოგადოებაზე პროპაგანდით ძალადობს - მისი ტელეკორპორაცია - „მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“ - კანონზე მაღლა დგას, ისინი დაუსჯელად ავრცელებენ სუს-ის ბოლო 9 წლის საიდუმლო თვალთვალის ამსახველ მასალებს, ხოლო მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლოში მიჩქმალეს, ან საერთოდაც არ აღძრეს, რათა არ გაეღიზიანებინათ აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები - აი, ასეთია "დასავლური სამართალი" და "დემოკრატიული სტანდარტები"! სააკაშვილის მხარეზე არიან Facebook-ის ქართული კონტენტის ცენზორები, რომლებიც ბლოკავენ ყოველგვარ კრიტიკას სააკაშვილის მისამართით - აი, ასეთია "სიტყვისდა ჟურნალისტიკის თავისუფლება"! სილიკონის ომბუდსმენი და სახელმწიფო ინსპექტორი სხედან სააკაშვილის „დოტაციაზე“, რომლის ხელთაცაა კეზერაშვილისდა ადეიშვილის მიერ საქართველოდან გატანილი „ნაცმოძრაობის“ პარტიული „ობშიაკი“. სააკაშვილს აქვს ღია ანგარიშები ადგილობრივ მილიონერებთან (ხაზარაძე, ოქუაშვილი, ოქრიაშვილი, ჭყონია, ნაყოფია და სხვ.), რომლებსაც დაემატა რუსეთში მცხოვრები რამდენიმე ქართველი მილიონერი, ყოველთვის ფარულად რომ თანაუგრძნობდნენ მიშას. ისინი ხელგაშლით რიცხავენ თანხებს სააკაშვილის დასავლელი ლობისტების - ევროპელი პარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების, უკრაინის ომბუდსმენისა და დანარჩენი თანამზრახველების ბარათებზე, რომლებსაც მშვენივრად ესმით, რომ სააკაშვილი მათზე ბევრად უარესი არარაობა და მეძავეა, მაგრამ მათთვის ეს კარგი ფულის შოვნის, ანდა უკვე ნაძარცვის შენარჩუნების საშუალებაა.

   რაც შეეხება ყოფილ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ვითომდა მიშას გადასარჩენად ფრინავდნენ საქართველოში, ესაა მუდმივ იზოლაციაში მყოფი ქართველი „ექსპერტების“ ჭორები, რომლებსაც ტვინიცა და მობილურიც დიდი ხანია ცალმხრივად გათიშული აქვთ! უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები ორ ცალკე კატეგორიად იყოფიან:

   პირველი -საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები - ეროვნული გვარდიის მოხალისეები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ქართული არმია. ოფიცრებსა და გენერლებთან ერთად, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო აკადემიებში უმაღლესი სამხედრო განათლება მიიღეს, ისინი უმაღლესმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა 2004 წელს გაათავისუფლა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. ზოგიერთი მათგანი უკრაინაში გაემგზავრა, იქ მიიღო სამხედრო განათლება და შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ანუ - რეგულარულ არმიას, როგორც საბრძოლო გამოცდილების მქონე ყველანაირად მომზადებული ოფიცრები;

მეორე კატეგორიაშიც არიან აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეები, ესენი არიან 2013 წელს უკრაინაში სააკაშვილის მოწვევით ჩასული სამხედროები, რომლებმაც ნატოს სტანდარტებით გაიარეს სამსახური საქართველოს ჯარში მისი პრეზიდენტობის დროს (2004-2011 წწ.) და ერაყში ქართული კონტიგენტის შემადგენლობაში იბრძოლეს. მათ შექმნეს "ქართული ლეგიონი", იბრძოდნენ დონბასში, მერე ბევრმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და მოეწყო სამსახურში სხვადასხვა სტრუქტურებში. ამითომ მათგან მხოლოდ რამდენიმე თუ იქნება მზად საქართველოში სააკაშვილის მხარდასაჭერად დაბრუნდეს, როგორც თბილისში უკვე ჩამოვიდა „ქართული ლეგიონის“ ყოფილი მეთაური მამულაშვილი.

   უკრაინაში ყოფილი ქართველი სამხედროები კარგი ბიჭები არიან, რომლებიც არასდროს ესვრიან ქალებსა და ბავშვებს, ისინი უბრალოდ სამშობლოსთვის ზედმეტი გახდნენ და ოჯახების გამოკვება სჭირდებოდათ, მაგრამ სამხედრო საქმის გარდა არაფერი იციან. რაც შეეხება პირველ კატეგორის, უკრაინის რეგულარული არმიის ოფიცრებს აეკრძალათ სამსახურის ადგილის დატოვება, ზოგიერთს კი ქვედანაყოფის ადგილმდებარეობაც, რუსეთთან მოსალოდნელ ომთან დაკავშირებით, ამიტომ უკრაინის არმიის ქართველი ოფიცრები არ ჩამოფრინდებიან სააკაშვილის დასახმარებლად, ასეთი სურვილიც რომ ჰქონდეთ. საფრთხეს წარმოადგენენ არა ისინი, არამედ თბილისში დარჩენილი ააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ოდიოზური მეთაურები - ზოგიერთი გენერალი და უფროსი იფიცერი, რომლებიც ხელისუფლებას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, თუ ისინი "სააკაშვილს სასწრაფოდ არ გაათავისუფლებდნენ".

   დღეს სააკაშვილი ციხის ნაცვლად გორის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალშია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ბრალეულობით დაღუპული სამხედრო ექიმის გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს და ბიძინა ივანიშვილის ფულით არის აშენებული - აღჭურვილი. ნუთუ სააკაშვილს დაავიწყდა, როგორ სთხოვდა ივანიშვილს ფულს გორის ჰოსპიტალისთვის, თუმცა თბილისში, ისანზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე ჰქონდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მისი მთავარი შემქმედის - მედიცინის გენერალ-მაიორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე რამიშვილის სახელს ატარებდა?! მაგრამ სააკაშვილი რუსეთთან ომისთვის ემზადებოდა და იმედოვნებდა, რომ მის დასახმარებლად ამერიკელ ჯარისკაცებგამოგზავნიდნენ - სწორედ დაჭრილ ამერიკელებს მოუმზადა სააკაშვილმა ჰოსპიტალი საბრძოლო ოპერაციის თეატრის გვერდით - გორში. ქართველი ჯარისკაცების ბედი კი სააკაშვილს არასოდეს აინტერესებდა - მათ საზარბაზნე ხორცად თვლიდა და მათი გვამები ცხინვალის ტყეებში იხრწნებოდა, სანამ ისინი პატრიარქმა არ გამოასვენა...

   გულსატკენია, როცა იხსენებ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის უზარმაზარ მრავალსართულიან შენობას, მოელვარე მარმარილოთი, სისუფთავით და თანამედროვე ტექნიკით, აღარაფერს ვამბობ მაღალპროფესიონალ ექიმებზე, რომელთა უმეტესობა გორში სამუშაოდ ყოველდღე ვერ ჩადიოდა და ისინი სიამოვნებით მიიღეს თბილისის საუკეთესო კლინიკებმა! არტო ამ მავნებლობისთვის - პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის განადგურებისთვის - სააკაშვილი უნდა გასამართლდეს! სააკაშვილი უნდა გაასამართლონ გენერალ-მაიორ რამიშვილის ხსოვნის დამცირებისთვის, რომლის ბრინჯაოს მემორიალური დაფაც, მისი ბარელიეფით, შევარდნაძის განკარგულების საფუძველზე, ამშვენებდა შენობის ფასადს, სადაც აგვისტოს ავანტიურის შემდეგ, დევნილები შესახლდნენ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 23 ნოემბერი
საქართველო, თბილისი