რელიგია
ილია მეორე: არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცოდვა არ ჩაედინა, მაგრამ სინანული ასწორებს მას

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 23 ნოემბერს, როცა მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს, სამების საკათედრო ტაძარში ადამიანურ ცოდვებსა და სინანულზე ისაუბრა.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელსაც ღმერთი მოავლენს ჩვენთან, არ შეიძლება ადამიანი დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს, როცა კაცი და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ.

მე უნდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა", - თქვა ილია მეორემ.

ეს ილია მეორეს პირველი ქადაგებაა მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია. უფრო ადრე სინანულზე ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) ისაუბრა. პატრიარქს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის სახელი არ უხსენებია, თუმცა ამ კონტექსტში ილაპარაკა მიტროპოლიტმა.

"მასზე ხშირად ამბობენ, მოინანიოს, შეინანოს. მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება და არ არის "ნიანგის ცრემლები" - მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ საპყრობილიდან ადამიანმა თავი დაიხსნას...

40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ და არასოდეს არავის მოუცია შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე. იგი ეზიარა ღირსეულად..." - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა 8 ნოემბერს.

რადიო თავისუფლება