საზოგადოება
დავით ზალკალიანი: რიგის მინისტერიალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. რიგის მინისტერიალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატო-ს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი განცხადებით, რიგაში გამართული მინისტერიალი იყო ძალიან შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით.

ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება და განიხილეს ის 2030 წლის განახლებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც დამტკიცებული იქნება მადრიდის სამიტზე.

დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია საქართველოსა და უკრაინის მიპატიჟება მადრიდის სამიტზე. ასევე, თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ჩართულნი ვართ ნატო-ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი მონაწილეობა უაღრესად აქტუალურია მომავალი წლის მადრიდის სამიტზე და ახალი სტრატეგია იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა ნატოს ღია კარის პოლიტიკის განგრძობადობის და ამ თვალსაზრისითაც დღევანდელი საუბრები იყო ძალიან შედეგიანი“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც, ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას და პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ნატოს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც, საქართველოს აქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები ნატოში ინტეგრაციის კუთხით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება ადასტურებს, რომ საქართველო სწორ გზაზეა ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც, საქართველოს აქვს, არის წარმატებით შესრულებული.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში, განხილულ იქნა ის წინადადებები, რომელთაც საქართველო წარადგენს ნატოელი პარტნიორების წინაშე, ხედვები, თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა ნატოში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომელიც, უნდა იყოს გადადგმული საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ შემხვედრ ნაბიჯებსაც, რომელთა მოლოდინიც აქვს საქართველოს ნატოელი პარტნიორების მხრიდან.

იყო უაღრესად პოზიტიური შეფასებები და ბუნებრივია დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტი იქნება შედეგიანი ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, და იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ზალკალიანმა.