სამართალი
„ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა

 საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

„ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლები დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები. ინტერნეტზე წვდომის დაბრკოლებების მხრივ, საქართველოში არსებული მდგომარეობა 25 ქულიდან 19-ით არის შეფასებული; კონტენტზე დაწესებული შეზღუდვების კუთხით, ქვეყანას 35-დან 31 ქულა აქვს მინიჭებული; ხოლო მომხმარებელთა უფლებების დარღვევების კრიტერიუმით, საქართველო მაქსიმალური 40 ქულიდან 27-ით არის შეფასებული.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინტერნეტის თავისუფლება საქართველოში გაუმჯობესდა იმის გამო, რომ არ დაფიქსირებულა ონლაინ აქტივობასთან დაკავშირებული დაპატიმრებები. თუმცა, დაფიქსირდა რამდენიმე გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია კიბერშეტევებთან და ადგილობრივი კონტენტით მანიპულირებასთან. ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განაგრძობს ზრდას საქართველოში, თუმცა ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის მთავრობის მცდელობები ნელა პროგრესირებს.

ამასთან, ორგანიზაციამ 2021 წლის აპრილში საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით შეაფასა, ხოლო დემოკრატიის ქულის მიხედვით, 7-დან 3.18 ქულა მიანიჭა.

ამასთან, ორგანიზაციამ 2021 წლის მარტში გლობალური თავისუფლების კუთხით საქართველოს 100-დან 60 ქულა მიანიჭა და კვლევაში პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 23, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, 60-დან 37 ქულა აქვს.