პოლიტიკა
სამხედრო დაზვერვა: საინფორმაციო სივრცეში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და პროპაგანდა დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, ასევე არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, გამოწვევების თაობაზე იმსჯელეს.

ამ მიმართულებით დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ განუცხადა, მათი ამოცანაა, რომ საფრთხეების იდენტიფიცირება მოხდეს და ხელმძღვანელობისთვის ამ ინფორმაციის აღქმადი, გასაგები სახით მიწოდება იყოს უზრუნველყოფილი.

„ასევე, ჩვენი ამოცანაა ტენდენციებისა და პროგნოზის გაკეთება შესაძლო განვითარებებთან დაკავშირებით. რეალურ საფრთხეებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, აქცენტს გავაკეთებ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რაც მიმდინარეობს. რუსეთის ხასიათშია, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით განახორციელოს სინქრონული მოქმედებები – ეს არის დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო და საინფორმაციო სივრცე. ამ ეტაპზე, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ აქტივობას საინფორმაციო სივრცეში, სადაც მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და პროპაგანდა დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ“, – განაცხადა ბლიაძემ.