უცხოეთი
დმიტრო კულება - აგრესია დასრულდება, როდესაც დასავლეთი რუსეთს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი რუსეთს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, ის აღარასდროს დაბრუნდება თქვენთან, ისევე როგორც ეს მოხდა ცენტრალური ევროპის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან“, – განაცხადა კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსახლეობასაც მიმართა და უკრაინელებს სთხოვა არ აყვნენ პანიკას, რადგან ამით ისევ პუტინი სარგებლობს.

„ძვირფასო უკრაინელებო, მე არ დავღლილვარ, გეგმის მიხედვით ვმუშაობ სამი მიმართულებით, პირველი – უკრაინის ყველა პარტნიორი რუსეთს მკაფიოდ ეუბნება, რომ დაუშვებელია უკრაინაში შეჭრა. მეორე – მომზადდეს ეკონომიკური სანქციები და მესამე – უკრაინამ მიიღოს მაქსიმალური სამხედრო დახმარება. ყველანი კითხულობთ ახალ ამბებს და იცით, რომ სამხედრო დახმარებას უკვე ვიღებთ. ამიტომ, მე ძალიან ვთხოვ უკრაინელებს, არ აყვნენ პანიკას, ცივი გონება შეინარჩუნონ და მშვიდად გააგრძელონ საქმის კეთება უკრაინის გასაძლიერებლად“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

1tv.ge