საზოგადოება
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

როგორც გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, მისი კანდიდატურა წარმატებას მოიპოვებს.

დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კანდიდატურა საბოლოო ჯამში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, წარმატებას მოიპოვებს. წინ საკომიტეტო მოსმენებია, რაც ბუნებრივია, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ - კანდიდატებმა დეპუტატებს ჩვენი ხედვა, პროგრამა წარვუდგინოთ, მათ შორის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და ამავდროულად, ამომწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ კითხვებთან თუ წუხილთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება კონკრეტული კანდიდატის მიმართ ჰქონდეთ.

ჩემს კანდიდატურასთან მიმართებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ დიდ პროფესიონალიზმთან, საარჩევნო გამოცდილებასთან ერთად, რომელიც არის ძალიან სპეციფიური, უნიკალური და გარდა მენეჯერული და ლიდერული თვისებებისა, მთავარი საარჩევნო ადმინისტრატორი უნდა ფლობდეს ცოდნას და ძალიან ღრმა კვალიფიკაციას საარჩევნო პროცესის შესახებ. ჩემ ზურგს უკან და ზოგადად, ადმინისტრაციის ზურგს უკან დგას საერთაშორისო გამოხმაურებები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2021 წლის მუნიციპალიტეტების არჩევნების დროს დაიმსახურა. ამ დამსახურებებს შორის არის ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, ჩემი ინიციატივით და მენეჯმენტის ინიციატივით განხორციელდა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც კალანდარიშვილი განმარტავს, დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანას გეგმავს.