პუბლიკაციები
ანზორ ბალუაშილი: „მანანა არჩვაძემ დაცვის ბიჭებს უთხრა — ახლა უნდა თქვათ, რომ პრეზიდენტს თავი არ მოუკლავსო!“

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი.მრგვალი მაგიდა“ და შიდა დაპირისპირებები, თბილისის ომი და „მხედრიონი“, შევარდნაძე და დაკარგული აფხაზეთი, გამსახურდიას ჯერაც ბურუსით მოცული სიკვდილი... ყოველივე ამის შესახებ გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ანზორ ბალუაშილი გვესაუბრება.

- მართალია, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ საუბარი მაინც თქვენი განვლილი გზით დავიწყოთ...

- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურატურას წარმატებული სტუდენტების სამუშაოზე მისაღებად გარკვეული კვოტა ჰქონდა დაწესებული და გამომძიებლად დამნიშნეს. შემდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურაში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად გადამიყვანეს და ისეთი საქმეები მერგო გამოსაძიებლად, რომლებიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით რეზონანსული იყო.

წლების მანძილზე ვიყავი პროკურორი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო კარიერა დავამთავრე გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, რაც საკუთარი ნებით მიღებული გადაწყვეტილება იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ხდებოდა ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია, თავი იჩინა განუსაზღვრელი მასშტაბის კორუფციამ, თავდასხმებმა პოლიციისა და პროკურატურის მუშაკებზე...

- სწორედ მაშინ გამოჩნდა ასპარეზზე „მხედრიონი“, დაიჭირეს რამდენიმე მხედრიონელი. ამ საქმემ ისევე, როგორც ბევრმა სხვამ, თქვენს ხელში გაიარა...

- უშუალო შემხებლობა მათთან არ მქონია, უშუალო შეხება მქონდა ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ლოთი ქობალიასთან. ეს ის პერიოდია, როცა პიკს მიაღწია დაპირისპირებამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებსა და არსებულ ხელისუფლებას შორის, დაიკარგა აფხაზეთი...

- უკაცრავად, მკვლელობაში ეჭვმიტანილ ლოთი ქობალიასთან თუ დათო ბოლქვაძის მკვლელ ლოთი ქობალიასთან?

- მართალია, თავდაპირველად აღიარა და შემდეგ უარყო, მაგრამ მან ნამდვილად მოკლა ჟურნალისტი ბოლქვაძე და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა. ქობალიას დახვრეტა მიესაჯა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კონვენციას შევუერთდით, გამოცხადდა მონიტორიუმი და სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან ამოღებული იქნა სასიკვდილო განაჩენი. ამიტომ ქობალიას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით და აქედან 12 წელი მოიხადა.

- შევარდნაძის პერიოდი მიმოვიხილოთ. ფაქტია, ამბროსოვიჩის პროფესიონალიზმი და მაღალი პოლიტიკური განათლება ქვეყანას არაფერში გამოადგა, მისი აღებული კურსი მცდარი აღმოჩნდა.

- მძიმე, მაგრამ ფრიად საინტერესო პერიოდი იყო. 2000 წელს უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება ვერ სწვდებოდა უშუქობისა და უხელფასობის პრობლემათა მოგვარებას. აუცილებელი იყო ცვლილებები და 2001 წელს, როგორც მოგახსენეთ, წავედი თანამდებობიდან და აღარ ვაპირებდი საჯარო სამსახურში მუშაობას. ცხადია, მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, იყო შემოთავაზებები... ჯერ უარი ვთქვი, შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ მთხოვა, მასთან მივსულიყავი და დიპლომატიურ სამსახურში მიმავლინეს საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენლად ისრაელის საელჩოში. გარკვეული პერიოდის შემდეგ შვილიშვილი შემეძინა და საქართველოში ჩამოვედი. მეორე დილით კვლავ მეძახიან პრეზიდენტთან, რომელსაც მანამდე გამოვუგზავნე წერილი, რომელშიც მივუთითე იმ დიდ შეცდომებზე, რომლებიც დაშვებული ჰქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.

- სიმართლის თქმამ რამდენად გაამართლა?

- მივწერე, რომ ჩვენი ქვეყანა სიცრუისა და ტოტალური კორუფციის მორევში იყო ჩაფლული, სახელმწიფო მოხელეები მხოლოდ თავიანთ კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ, ხალხის მიერ გადახდილი ფული ბიუჯეტში არ შედიოდა. ვითხოვდი კარდინალურ რეფორმებს სამართალდამცავ სისტემებში... მაშინ პირველად გამოვიყენე სისხლისსამართლებრივი ტერმინი — საზოგადოება ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეთ, რომ სახელმწიფო მოხელეებმა ან კორუფციით უნდა იცხოვრონ, ან თავი მოიკლან-მეთქი... იქვე გადარჩენის რამდენიმე მაგალითი შევთავაზე ისრაელის მაგალითზე. დამირეკეს და მითხრეს, რომ პრეზიდენტი ძალიან დათრგუნვილი იყო, თუმცა, ჩემთვის მუშაობის გაგრძელება უთხოვია. რაც შეეხება მასთან უშუალო ვიზიტს, შვილიშვილის დაბადება მომილოცა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შექმნილიყო სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძის მოადგილის პოსტი, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა ნაკლოვანებათა აღმოფხვრის საშურ საქმეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დავინიშნე. სადღაც სამი თვე ვიმუშავეთ ფრიად აქტუალურ საკითხებზე, თითქოს რაღაცას მივაღწიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბატონმა შევარდნაძემ უკან დაიხია.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- მაშინ პირდაპირ ვუთხარი: ან თქვენ გააკეთებთ ამას, ან სამარცხვინოდ წახვალთ თანამდებობიდან-მეთქი. როგორც ჩანს, ახლო კავშირები ჰქონდა გარკვეულ პირებთან, რომლებიც სხვა რამეში არწმუნებდნენ — არიქა, მოახლოებული არჩევნები არ წააგოთო. არჩევნების შემდეგ დაპირისპირებები დაიწყო თვითონ შიგნით. სწორედ ამ პერიოდში დავინიშნე უშიშროების საბჭოს მდივნად. თედო ჯაფარიძე გადადგა.

- ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანზე გამახსენდა. თვითონაც ახსენეთ წეღან ეს პიროვნება — ნუგზარ საჯაია. მისი თვითმკვლელობის რამდენიმე ვერსია არსებობს...

- ნუგზარ საჯაია იყო უაღრესად განათლებული და პრინციპული პიროვნება. იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, ჩემს სამუშაო ოთახში ვიჯექი თელ-ავივში. მესამე დღეს ჩამოვფრინდი დაკრძალვაზე, არადა, რამდენიმე ხნით ადრე ველაპარაკე ტელეფონით, ძალიან დათრგუნვილი მეჩვენა და მორიდებით ვკითხე — რა მოხდა ნუგზარ-მეთქი? შენ ვერ წარმოიდგენ, რაები იბეჭდება პრესაში, მიზანმიმართულად ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციაო. ხომ არ ჩამოვიდე-მეთქი? კარგი იქნება და მოდი, ორშაბათ საღამოს, დაგირეკავო... კვირას ბილეთიც კი დავუკვეთე და უცებ ამ ამბავს ვიგებ...

- მოდით, ისევ შევარდნაძეს დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაითვალისწინა თქვენი რჩევები?

- შევარდნაძე კარდინალურად შეიცვალა — გახდა შემრიგებლური და ლოიალური. მარტო უკრაინიდან 2002-03 წლებში შემოვიდა 172 მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია, საიდანაც, მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, 34 პროცენტი ბიუჯეტში უნდა მოხვედრილიყო, ეს კი დაახლოებით 38-40 მილიონი დოლარია. სამწუხაროდ, ჩვენთან 172 მილიონის ნაცვლად ორი მილიონი იყო ნაჩვენები. ესე იგი, ფული უკვე შეეჭამათ.

პრაქტიკულად, უნიკალური დაზგა-დანადგარები აქციეს }ართად და ქვეყნიდან გაიტანეს. ამას, როგორც პროკურორი, ვერასდროს წარმოვიდგენდი.

ვთქვათ, ერთი მილიონის ჯართი გადიოდა ქვეყნიდან, ამ დროს კი თურქეთის საბაჟო გიფიქსირებდა, ხუთი მილიონის არისო შემოსული. ეს დოკუმენტები წინ გვედო.

- ფაქტობრივად, თქვენ შევარდნაძის ხელისუფლების კორუფციული სქემა გააშიშვლეთ. არადა, მრავალი წლის მანძილზე ხალხი სასტიკად იტანჯებოდა: 14-ლარიანი პენსია, უშუქობა, უგაზობა, წყალი გრაფიკით, ნავთის რიგები და კიდევ ათასი უბედურება...

- საქმე იმაშია, რომ ეს საქმიანობა შეერწყა კრიმინალურ ბიზნესს. შევარდნაძე ბრძენი კაცი იყო. ის გვიფრთხილდებოდა, როგორც ახლა ვფიქრობ.

- რას გულისხმობთ?

- ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს შეიძლებოდა, გამოეწვია თანამდებობის პირების მასიური ხოცვა. ვატყობდი — ამის აშკარად ეშინოდა. ჩვენ ვამბობდით: სახელმწიფო მოხელის მინიმალური ხელფასი ამ პირობებში უნდა იყოს 350 ლარი, მაქსიმალური — 1000 ლარი, მასწავლებლის მინიმალური ხელფასი — 500 ლარი, არადა, 70 ლარსაც ვერ იღებდნენ... თქვენ ისიც გახსოვთ, რა მოხდა კუპონთან მიმართებაში. ამაზე მუშაობდა საერთაშორისო მაფია. მინდოდა, გამერკვია, ეს შეგნებულად კეთდებოდა თუ შეუგნებლად, რათა ამოძირკვულიყვნენ ასეთი პიროვნებები თავის საეჭვო მფარველებთან ერთად.

გნებავთ, იმდროინდელ საბანკო სისტემას გადავავლოთ თვალი — ვთქვათ, აიღეთ 4 მილიონი დოლარის კრედიტი ბიზნესისთვის. ცხადია, უნდა დააბრუნოთ ეს 4 მილიონი იმავე კურსით, მაგრამ, როგორც კი მოხდა დიდი თანხების გატანა, მომენტალურად აამოქმედეს ჰიპერინფლაციის მექანიზმი და რამდენიმე თვის შემდეგ ერთი დოლარი გახდა მილიონი კუპონი. ამას მოფიქრება და განხორციელება ხომ უნდოდა? სამწუხაროდ, მედიამაც ვერ იმუშავა, შეეშინდა.

- ისე, რა საშინელი ვალუტა იყო, ბატონო ანზორ, უბრალო ფერადი ქაღალდი, რომელსაც დიზაინიც არ უვარგოდა...

- იყო პერიოდი, როცა ჩვენ მარტივად გამოვდიოდით საბჭოთა სამანეთო ზონიდან. უნდა შექმნილიყო ეროვნული ვალუტა და მომხდარიყო მისი დაცვა დევალვაციისაგან, მაგრამ

უბედურება დაატრიალეს და ამ ყველაფრის შემოქმედი დღეს თანამდებობაზეა და კარგადაც გრძნობს თავს.

- საქართველოში გამუდმებით ისმის უკმაყოფილება პროკურორების მისამართით, რომ ბევრი შეცდომა მოსდით და ხშირად არაობიექტურები არიან. თქვენ სად დაუშვით შეცდომა?

- ხშირად არ ვიყავი საკმაოდ პრინციპული, რათა ბოლომდე მიმეყვანა საქმეები. 1993-დან 1999-მდე, ძირითადად, აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე, გენოციდსა და ეთნიკური წმენდის საკითხებზე ვმუშაობდი. მახსოვს, შიმშილის ზღვარზე მისული პროკურორები და გამომძიებლები (ასეთებიც იყვნენ` მართლაც უანგაროდ იღვწოდნენ და დღეს ხუთასტომიანი საქმე დევს პროკურატურაში. ვფიქრობ, ადამიანებთან დამოკიდებულებაში უფრო გახსნილები უნდა ვყოფილიყავით და ბევრი საკითხი გადაწყდებოდა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ.

- დღემდე არ ნელდება ინტერესი 90-იანი წლების მოვლენების მიმართ. იყო თუ არა ეს ჩვეულებრივი კრიმინალი?

- ამაზე საუბარი ჩემთვის უხერხულია, იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, მე ვხელმძღვანელობდი ამ გამოძიებას გარკვეულ ჯგუფებთან ერთად. სამოქალაქო ომი, რასაკვირველია, ჩვენი ისტორიის შავი ფურცელია. საბრალდებო დასკვნას ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ მე ვაწერდი ხელს და გეკითხებით — იყო თუ არა ეს კრიმინალი? ჯერ ვთქვათ — ვინ იყო მაშინდელი ოპოზიცია, რომლის შიგნითაც მოხდა განხეთქილება იდეოლოგიური თუ პიროვნული თვალსაზრისით! ამის შემდეგ გარე ძალებიც ამუშავდნენ. შერიგების ნაცვლად მოხდა არნახული ესკალაცია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლების პირველი პირები თავს არიდებდნენ დიალოგს, ხოლო როცა განხეთქილება კულმინაციას აღწევს, საჭიროა ერთი პატარა ასანთის ღერი! მრავალათასიანი მიტინგის შედეგად, რომელიც მაშინდელი სასტუმრო „ივერიის“ წინ ჩატარდა, უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება, მაგრამ ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე გავარდა ტყვია.

- როგორ ფიქრობთ, რა უფრო სწორი იქნებოდა მოცემულ სიტუაციაში ხელისუფლების მხრიდან — ბუნკერიდან ამოსვლა და კომპრომისზე წასვლა თუ?

- არა, არა ბუნკერიდან ამოსვლის საკითხი არ იყო პრობლემა. ან თავად ბუნკერი რა იყო? პირველ სართულზე იქნებოდა გამსახურდია, მეორე სართულზე თუ სარდაფში, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ქვეყანაში ამხელა ჯარი, პოლიცია გყავს, მაგრამ შიდა მხარდაჭერა არ არსებობდა, თორემ სამი კაცი როგორ დაამხობდა ხელისუფლებას?

- და მაინც, მავანი დღემდე თვლის, რომ პრეზიდენტი გაიპარა.

- გაპარვა არ მომხდარა. ზვიად გამსახურდიამ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება, რათა სისხლისღვრა აღარ გაგრძელებულიყო, მაგრამ იცოდნენ, რომ მიდიოდა დასავლეთში, თუმცა, აღმოჩნდა სომხეთში, შემდეგ კი — გროზნოში, თავის მეგობარ დუდაევთან.

მოკლე ხანში გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტ გამსახურდიაზე, დაარწმუნა იგი, რომ დადგა მომენტი ხელისუფლებაში მის დასაბრუნებლად და სულ რამდენიმე დღე იყო საჭირო ხუნტის გასანადგურებლად. მაგრამ დაიწყო სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რომელიც ფატალურად დამთავრდა. იყო წინადადება ჩეჩნეთიდან, რომ ზვიადი დაუყოვნებლივ დაბრუნებულიყო გროზნოში, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა — მე დამარცხებული არ დავბრუნდებიო...

- არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ჯერ კიდევ გროზნოში ყოფნისას ავთანდილ მარგიანს რამდენიმე კაცი გაუგზავნია გამსახურდიასთან მოსალაპარაკებლად, უფრო მეტიც, სვანეთში თავისი სახლიც კი შეუთავაზებია, მაგრამ უარი მიუღია. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც მარგიანის მიზნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე აღარ შევჩერდები და ერთს ვიკითხავ: ოჩამჩირის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლის, რუსლან ქიშმარიას ძმის მერაბ ქიშმარიას სახლში მართლა შესთავაზეს გამსახურდიას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სანაცვლოდ სამხედრო დახმარების აღმოჩენა კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად?

- ოკუპირებულ ოჩამჩირის ტერიტორიაზე გამსახურდიას რეზიდენციაც გამოუყვეს, მაგრამ მან გადაჭრით თქვა: რომ ამას არ გააკეთებდა. ჩეჩნეთშიც აღარ წავიდა — საქართველოში დავრჩები და პარტიზანულ ბრძოლას გავაგრძელებ გამარჯვებისთვისო... ვინც გმირად თვლიდა თავს, პრაქტიკულად, ზვიადს ყველა ჩამოშორდა! ქობალია რუსეთში გაიქცა, სხვა მინისტრებიც: ზოგი — უკრაინაში, ზოგიც — რუსეთში და პრეზიდენტი დარჩა ხუთი-ექვსი კაცის მეთვალყურეობის ქვეშ. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ძალიან დიდ გამარჯვებას ჰპირდებოდა ფინანსთა მინისტრი გურამ აბსანძე, მაგრამ, როგორც კი დაინახა, რომ ტყე-ღრეში უნდა იხეტიალონ, გაერიდა. დაცვის ბიჭებს უთხრა — საწვავის მოსატანად წავალო და თავი ამოყო რუსეთში, სადაც თავისი ბიზნესი ჰქონდა.

- ზვიად გამსახურდიას საქმეც თქვენ ხელში იყო. გაიხსენეთ ის დღე, როდესაც გამსახურდიას გარდაცვალება გაიგეთ.

- 1994 წლის 4 იანვარი იყო, კარგად მახსოვს! საღამოს დამირეკეს, სამსახურში ვიყავი. მითხრეს — სახელმწიფოს მეთაური გთხოვთ, სასწრაფოდ მასთან მიხვიდეთო. იმელის შენობაში ისხდნენ. თხუთმეტი წუთი ველოდე, ბოლოს გაიღო კარი და გამოვიდა ავთო იოსელიანი — უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი‘. უკან მოჰყვებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიური სუბიექტებისთვის დამახასიათებელი წარმოსადეგი პიროვნებები ტყავის ქურთუკებით და ცილინდრებით. ავთომ მითხრა — მეთაური გეტყვით ყველაფერს და მერე მე გადმომირეკეთ, რაცია ჩართული მაქვსო. შევედი, მეც გაკვირვებული ვიყავი და შევარდნაძეც. რა ხდება-მეთქი? ეს ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ზელიმხან იანდარბიევიაო, ისინი კი დეპუტატები არიან, ჩამოვიდნენ და გვაცნობეს, რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა სამეგრელოშიო...

შეიქმნა კომისია. გვითხრეს, რომ მანანა არჩვაძე კატეგორიულად მოითხოვდა, საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არაფერში მიეღოთ მონაწილეობა, ხოლო დაკრძალვის ადგილს იმ პირობით გვაჩვენებდა, თუ სასახლეს წამიერად ავხდიდით, დავრწმუნდებოდით, რომ ნამდვილად პრეზიდენტია ჩასვენებული და იმავე წუთში თვითმფრინავით დავაბრუნებდით. ამაზე მე კატეგორიული უარი განვაცხადე — როგორ, თუ კაცი გარდაიცვალა, ხომ უნდა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი? კიდევ ერთი პირობა იქნა წამოყენებული — ვინც ამ ფაქტს შეესწრო, არავინ იქნება გამოკითხული, ერთი პირის გარდა, რომელიც გიჩვენებთ, სად არის დაკრძალულიო.

ეს წერილი და დადგენილება მოვიდა ჩეჩნეთის პარლამენტის სახელით და დღემდე ინახება. ჩვენ კატეგორიულად, წერილობით ვუპასუხეთ — არა! მიცვალებული სადაც განისვენებს, იქ მანამდე იქნება, სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით-მეთქი. ჩვენს სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს არ ენდობით? კი ბატონო! მოდით, თქვენ ჩამოიყვანეთ ჩეჩნეთიდან. მათაც არ ენდობით? მართალია, არ გვაქვს საშუალება, ხალხი შიმშილით გვეხოცება, მაგრამ ნებისმიერ მსოფლიოს ცნობილ ექსპერტებს მოვიწვევთ! ამაზე დაგვთანხმდნენ.

მოვიწვიეთ ინგლისიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ბალტიისპირეთიდან. ყველანი ჩამოვიყვანეთ თბილისში. განთავსდნენ კრწანისის რეზიდენციაში და ველოდებით, რომ ისინიც ჩამოიყვანენ თავიანთ ექსპერტებს... კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ამ დროს ჯანდაცვის მინისტრი იყო. მესამე დღეს გვატყობინებენ, რომ არავითარი საფლავის ჩვენება, არავითარი ექსპერტიზა არ იქნება. ცხონებული გურამ შარაძეც იყო კომისიაში (ჩვენ უნივერსიტეტიდან ვმეგობრობდით‘. გურამს ვუთხარი: მოდი, ვახტანგ ბოჭორიშვილს ვთხოვოთ ჩვენს კომისიაში შემოსვლა, როგორც დიდი მედიკოსი, თავის სიტყვას იტყვის-მეთქი. წავიდა გურამი მოსალაპარაკებლად და ბოჭორიშვილს უთქვამს — როგორ არ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ყველაზე დიდი ექსპერტი ამ დარგში აკადემიკოსი თამარ დეკანოსიძე გვყავს და, მოდით, კომისიაში ისიც შევიყვანოთო. ვაჰ, ჩემმა ენამ — ვფიქრობ ახლა — ეს ორი მოხუცი სად ვარბენინო სამეგრელოს ტყეებში, არ შემომაკვდნენ გზაში-მეთქი. ჩავრთეთ მაინც კომისიაში. 49 ათასი დოლარი დაჯდა იმ პროფესორების მგზავრობა და ბოდიში მოვუხადეთ, ავუხსენით, რომ ასეთი მდგომარეობაა — ჩვენც არ გვეგონა, თუ გაგვაწბილებდნენ-მეთქი და უკან გავისტუმრეთ...

შევიკრიბეთ ისევ ჩვენ, ავთო მარგიანი დაინიშნა კოორდინატორად. გავგზავნეთ კომისია. მათაც გამოგზავნეს კაცი, ვინც იცოდა, სად იყო დაკრძალული. ეს იყო გამსახურდიას დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი. შევთანხმდით იმაზე, რომ მხოლოდ ამოვასვენებდით და გარეგნულ დათვალიერებას მოვახდენდით. არავითარი გაჭრა, უბრალოდ, ტყვიის ტრაექტორიას დავადგენდით, სადაა შემავალი და გამავალი ჭრილობა. კიდევ — თმის პატარა ნაწილი უნდა აეღო ექსპერტ-მედიკოსს. კი ბატონოო.

ისინი თავიანთი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ, ჩვენ ჩვენი თვითმფრინავით გავფრინდით სენაკში. საშინლად თოვდა, ვერტმფრენიც გამართული არ იყო, კინაღამ ჩამოვვარდით. დაგვსვეს ჯიხაშკარში. მეგრული სამზარეულო, ალბათ, გინახავთ, ეს არის ძალიან დიდი ხის ოდა-სამზარეულო, სადაც ლორი გამოჰყავთ, ელარჯს ამზადებენ, მარანიც შიგნით არის... გვერდით იდგა ორსართულიანი ბრწყინვალე სახლი. მოკლედ, შეგვიყვანეს ამ სამზარეულოში. ერთ კუთხეში სიმინდის ჩალა იყო მიფარებული. ვიფიქრე, პირუტყვი ჰყავთ-მეთქი, მაგრამ გადასწიეს ჩალა და მიგვითითეს — აი, აქ არის დაკრძალული პრეზიდენტიო. კუბო გარეთ გამოიტანეს და ახადეს. ცოტა ობი ჰქონდა მოდებული. ორი თვე იყო გასული, მაგრამ ძვირფასად იყო შენახული. ვერტმფრენით ბოჭორიშვილი და დეკანოსიძე ვერ წავიყვანეთ, გზაში დაგვეღუპებოდნენ, ამიტომ დავტოვეთ სენაკში, აეროპორტში სპეციალური მედპუნქტი გაკეთდა, სადაც განსვენებულს შეასვენებდნენ, დაათვალიერებდნენ და მოხდებოდა გადაღება... ცხედარი მივასვენეთ და როგორც კი ხელით შეეხო ბოჭორიშვილი, ხახაზე მიგვითითა — აქ არის ხვრელიო! მოვარდა იანდარბიევი და ამხელა კაცს ზურგზე დაჰკრა ხელი — რატომ შეეხეო? ბატონი ვახტანგი მუხლებზე დაეცა. ავთო იოსელიანი იდგა ჩემ გვერდით, ლევან ჩაჩუა და ჯიმი მიქელაძე. ამას მოჰყვა ჩემგან წიხლი მუცელში და ყბაში იანდარბიევს! შენ იცი, ვისზე ასწიე ხელიო? — მეუბნებიან. მე ვიცი, რომ ნაძირალაზე ავწიე ხელი, დაიჭირეთ და შეაგდეთ სენაკის პოლიციაში-მეთქი. ატყდა ერთი ამბავი. მერე ვახტანგმა მთხოვა — დამშვიდდიო. ჩემს სიცოცხლეში ასეთი რამ არავის უკადრებია და ამან რა მაკადრაო? — გაოგნებული იყო კაცი. სხვათაშორის, კოკო გამსახურდიამ გამოსცა მამაზე წიგნი და იქ ერთ-ერთი ექსპერტი იხსენებს ამ ამბავს, ბალუაშვილმა ასე და ასე უქნა იანდარბიევსო.

- ბატონო ანზორ, როდესაც გახსნეს სასახლე და დაინახეთ პრეზიდენტის ნეშტი, როგორი იყო პირველი რეაქცია?

- მე მეგონა, ტყვია ხორხში ჰქონდა მოხვედრილი და მერე თამარ დეკანოსიძემ მითხრა — არა, ეგრე ჩანს, თორემ უბრალო გამუქებაა, უკვე გამოფიტვა იწყებაო. მოკლედ, ინახა ეს შემავალი და გამავალი ხვრელი და ამით დამთავრდა. გვითხრეს: თუ თქვენ გააგრძელებთ ექსპერტიზას აქ, სამეგრელოში, მომზადებულია ჩვენი სპეცნაზი და თავს დაგესხმებიანო. მე ვუთხარი: თუ ღმერთი გწამთ, ახლა აქ სროლა არ ავტეხოთ, მეორე ომი არ გვინდა-მეთქი. აგერ ბატონო, აქვე დავადასტუროთ, რომ ეს ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ცხედარია, რომ ორივე შემავალი ხვრელი ვნახეთ, მერე თუ უნდათ, წაიღონ და თვითონ ჩაატარონ ექსპერტიზა, რაც უნდათ, ის ქნან-მეთქი.

მანანა არჩვაძემ დაცვის ბიჭებს უთხრა: ახლა უნდა თქვათ, რომ პრეზიდენტს თავი არ მოუკლავსო. კი, მაგრამ თავი თუ არ მოუკლავს, აბა, ჩვენ მოვკალითო? პრეზიდენტი, რომელსაც ლამის სიცოცხლე შევწირეთ ტყე-ღრეში, უბედურებაში დავყვებოდით, წავიყვანეთ და მოვკალით, ეს როგორ გამოდისო? ყველაზე მეტი სიმამაცე მაინც ბაჩუკი გვანცელაძემ გამოიჩინა. მანანასი ყველას ეშინოდა, თვითონ პრეზიდენტსაც კი და პირდაპირ უთხრა: შენ, ქალო, ხომ არ გგონია, მოგითმენ, რომ მოგკიდებ ხელს, აქედან გადაგაგდებო... ვთქვათ, რომ იქ ვიწექით ყველა და ვიღაც შემოსულმა მოკლაო?

მოშორებით პატარა სასტუმროსავით იყო, გუგუშვილი, გვანცელაძე და კიდევ სხვები ცხოვრობდნენ. მოვიდა ცოტნე და უთხრა — შენ დედაჩემს ეს როგორ გაუბედეო? ამოიღო იარაღი და ორჯერ ესროლა გვანცელაძეს, დაჭრა ფეხში. ეს ამბავი გახმაურდა, პრეზიდენტ დუდაევსაც მოახსენეს, რომელიც შეხვდა მანანას და უთხრა: ეს ხალხი ჩამოვიდა, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ თვითმკვლელობაა, ახლა გუგუშვილს ვუთხრათ, თქვენ მოკალითო? ოთხი კაცი იყო და ოთხივე გეუბნება დღესაც, რომ თავი მოიკლა, ექსპერტიზა გეუბნება — მიბჯნით არის ნასროლიო და რა უნდა თქვანო?!

- ბატონო ანზორ, თქვენთან ბევრი საიდუმლო მასალა ინახებოდა და დღემდე ინახება. თუ შეგიძლიათ, ყველაფერზე ილაპარაკოთ?

- ჩემი საქმე იყო სახელმწიფოს უშიშროება. რაც საიდუმლო გრიფით მასალები იყო, იმაზე ლაპარაკი არც მაშინ შემეძლო და არც ახლა შემიძლია. ბევრ რამეს მოეხსნა გრიფი, მაგრამ ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მაღალი ღირსებისა და ზნეობის გვეგონა, ფარულად თანამშრომლობდა უშიშროებასთან, განსაკუთრებით ინტელიგენციის ნაწილი, მათ შორის, მწერლები!

ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. მახსენებენ ერთ საქმეს. პირველი არჩევნები ტარდებოდა, შევარდნაძე რომ ჩამოვიდა ხელისუფლების დამხობის შემდეგ და ძალიან გააქტიურებული იყო ტერორისტული აქტები. შემოდიან და მეუბნებიან — ერთი ახალგაზრდა კაცი ჩამოვიდა გროზნოდან, ძალიან განათლებული, საზოგადოებაში გამოჩენილი პიროვნებაა, ორი იარაღი აქვს ჩამოტანილიო. მაშინ პროკურორი იძლეოდა სანქციას ჩხრეკაზეც, დაპატიმრებაზეც. პროკურორი ახალგაზრდა გოგო იყო. გაეღიმა. დავუძახე — რატომ გეღიმება-მეთქი? ბატონო ანზორ, რომ იცოდეთ, ხელი ვისი ოჯახის ჩხრეკაზე მოაწერეთო... ამ ბიჭის სიმამრი თქვენი მაგარი ძმაკაციაო. ვინ არის-მეთქი და ჩუმად მითხრა ყურში. რა უნდა ვქნა? — ამათ ხომ არ ვეტყვი, მისი სიმამრი ჩემი მეგობარია და ჩხრეკაზე არ წახვიდეთ-მეთქი. გულში ვლოცულობ — ნეტა ახლა ამას არაფერი აღმოაჩნდეს-მეთქი. მოვიდნენ. ახალგაზრდა გამომძიებლები იყვნენ, „ემვედეს“ ხალხი და გაოცებული თვალებით მიყურებენ. რა ქენით, ამოიღეთ იარაღი-მეთქი? კი — ორი იარაღი და ერთიც ხელყუმბარაო. სიმართლე გითხრათ, მეწყინა. მერე ისე დავაწერინეთ ამ ბიჭს, რომ თავდებში დავტოვეთ, შემდეგ პირობითი სასჯელი მისცეს. არც ვმალავდი ამას, პრეზიდენტთანაც მითქვამს.

შემოიტანეს სამი ტომარა. სარდაფი გავჩხრიკეთ და ეს ვნახეთო — თქვეს. რა არის ეს, მეტი საქმე არ გქონდათ-მეთქი? მივედი, ჩავყავი ხელი, ერთი ცალი ქაღალდი ამოვიღე, დავხედე, აწერია — განსაკუთრებული საიდუმლო ფორმა ექვსი. მოკლედ, სავსეა ტომარა ამ ქაღალდებით. შემოვაყვანინე ის ბიჭი და რა არის ეს-მეთქი? არაფერიო... როგორ თუ არაფერი — აქ დევს უაღრესად საიდუმლო, აგენტურული დამუშავების წარმოუდგენელი მასალები-მეთქი. მე ჩამოვიტანეო. საიდან ჩამოიტანე-მეთქი? გროზნოდან გამომატანეს, პრეზიდენტის სასახლიდანო. თურმე, მიჰქონდათ ეს მასალები, აცნობდნენ პრეზიდენტს და მერე იტოვებდა თავისთვის. ეს იყო საშინელი და წარმოუდგენელი ამბავი. წაიღო ისევ უშიშროებამ და დაახარისხა!

ესაუბრა ეკატერინე პატარაია

წყარო: გაზეთი "ასავალ-დასავალი" №20 (1432) 2022 წლის 9-15 მაისი