უცხოეთი
კომპანია „მაერსკმა“ მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომლითაც ჩინეთიდან ევროპაში ტვირთები საქართველოს გავლითაც მოხვდება

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. კომპანია „მაერსკმა“ შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურება დაიწყო, მატარებელი ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, „მაერსკმა“ მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს.

ახალი სერვისის მიხედვით, მატარებელი ჩინეთის სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპას დაახლოებით 40 დღეში ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით უკავშირდება.

„მომხმარებლების დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ განახლებული სერვისი და ამით ხელს შევუწყობთ მიმდინარე ლოგისტიკური გამოწვევების შემსუბუქებას. შუა დერეფანი უზრუნველყოფს ალტერნატიულ და ეკოლოგიურ ინტერმოდალურ კავშირს აზიასა და ევროპას შორის. შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურების 90%-ზე მეტი ელექტრიფიცირებულია“, – განმარტავს „მაერსკის“ Intercontinental Rail-ის გლობალური პროდუქტის მენეჯერი მაია პარლაგაშვილი.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მდებარე ხორგოსის საზღვრის გავლის შემდეგ კონტეინერები სარკინიგზო გზით გადაადგილდებიან აქტაუს სადგურამდე, სადაც ისინი სატვირთო გემზე იტვირთებიან ბაქოში, აზერბაიჯანში გასაგზავნად, იქიდან კი კონტეინერები სარკინიგზო ხაზით მოემართება საქართველოში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“, სადაც კონეტინერები იტვირთება გემებზე კონსტანცის, რუმინეთის მიმართულებით. ამის შემდეგ, ტვირთი სარკინიგზო ხაზით მიემართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ მივიღეთ Maersk-ის ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი პირველი ბლოკ მატარებლები. ამ მარშრუტის დაარსება ხელს შეუწყობს ჩინეთისა და ევროპის დაკავშირებას სწრაფი, ეფექტური, საიმედო სერვისით, რაც თავის მხრივ ადასტურებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მნიშვნელობას, როგორც შუა დერეფნის განვითარების ქვაკუთხედს“, – აღნიშნავს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი იენ როულინსონი.

ოფიციალური ინფორმაციით, Maersk-მა აღნიშნული მარშრუტის განვითარება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და უკვე აპრილში განახორციელა პირველი მარშრუტი ჩინეთიდან, რომელიც ძირითადად საავტომობილო და საყოფაცხოვრებო ინდუსტრიებს მოემსახურა.

„დერეფანს აქვს საკმარისი ტევადობა და ის მისცემს ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას, იქონიონ საიმედო ალტერნატიული გადაზიდვის მარშრუტი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად“, – განაცხადა მაია პარლაგაშვილმა.

1tv.ge