პოლიტიკა
სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე რუსეთის ფედერაციაზე ნიშნავდა იმას, რომ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს! — პრემიერი ღარიბაშვილი

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე რუსეთის ფედერაციაზე ნიშნავდა იმას, რომ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო.

ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მომმართეს კითხვით. კითხვა, როგორც უკვე აღინიშნა, შეეხებოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, საომარ მოქმედებებს და ამასთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. კითხვა ასე იყო ფორმულირებული - რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების, თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით არ მოხდეს აღნიშნული სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის.

პირველ რიგში, მე მინდა, ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ოპოზიციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელეს.

ვიდრე ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს გავცემ, მინდა, კიდევ ერთხელ მოკლედ და მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ჩვენი პოზიცია.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე, გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

ამ ვითარებაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები, ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მრავალ საჯარო განცხადებაში ხაზგასმით დავგმეთ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია.

საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, რომ 6 აპრილს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან ერთად, ომით დაზარალებული ქალაქები, ბუჩა და ირპენი მოინახულა.

საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მუდმივად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას.

აქვე მინდა, შეგახსენოთ, თუ რა ნაბიჯები გადავდგით კონკრეტულად. საქართველო გაერო-ს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსორობა გაუწია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" რეზოლუციას; საქართველო იყო „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ" გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90-მა სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ;

საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას;

ასევე, საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (UNHRC49) იმ რეზოლუციის თანასპონსორია, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს;

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას, ანუ ომის დაწყებიდან მეორე დღეს, რუსეთის ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ;

ჩვენმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ამა წლის 16 მარტის გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ;

ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს მიმართეს;

ასევე, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მთავარი თანასპონსორობა გაუწია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტს რუსეთის ფედერაციისათვის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წევრობის უფლების შეჩერების შესახებ;

საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235-ს აღწევს. უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ:

გაერო-ს ფარგლებში საქართველომ მხარი დაუჭირა და დაასპონსორა უკრაინის შესახებ 14 რეზოლუცია; გააკეთა 50-ზე მეტი ეროვნული განცხადება; ასევე, მიუერთდა გაერო-ს ფარგლებში ევროკავშირის 34 განცხადებას და 10 სხვა განცხადებას. საქართველო, ასევე, ორგანიზაციის ფარგლებში, მიუერთდა 15 სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივას;

ეუთო-ს ფარგლებში, ჩვენ გავაკეთეთ 30-ზე მეტი ეროვნული განცხადება, ჩვენი ხელისუფლება მიუერთდა ევროკავშირის 34 განცხადებას და 1 ერთობლივ განცხადებას. საქართველო, ასევე, ორგანიზაციის ფარგლებში, მიუერთდა 3 სხვადასხვა მხარდამჭერ ინიციატივას;

ევროსაბჭოს ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ 14 რეზოლუციას, გადაწყვეტილებას და რეკომენდაციას. ამავდროულად, საქართველომ გააკეთა 15 ეროვნული მხარდამჭერი განცხადება;

ჩვენ, ასევე, მივუერთდით ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის 8 დეკლარაციას და ევროკავშირის 2 სანქციას.

კიევში, ოდესასა და ლვოვში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას.

აქვე, ამ ტრიბუნიდან მინდა, ჩვენს ელჩს გადავუხადო მადლობა და ჩვენი საელჩოს თითოეულ წარმომადგენელს.

სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს.

ომის დაწყებიდან, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ ნამდვილად გამოვირჩევით მსოფლიო ქვეყნებს შორის. ჩვენმა მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1 მილიონი ლარი;

ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა.

დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტის ინფორმაციით, საქართველო, მეგობრებო, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით;

უკრაინელი მეგობრების, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი. უკრაინის მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, ყველა საჭიროებით, რაც მათ საქართველოში სჭირდებათ.

ასევე, შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. ასეთივე სკოლა ბათუმშიც გაიხსნა და ჯამში უკვე 900-ზე მეტი მოსწავლე არის ჩარიცხული.

უკრაინელი მოქალაქეებისთვის უფასოა მუნიციპალური ტრანსპორტით, მუზეუმებით, გალერეებით და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებით სარგებლობა.

მთავრობის გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მობილიზებულია კერძო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი უპრეცედენტო სოლიდარობისთვის.

ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან.

2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ;

წელს, 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე.

სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიციები აქვს არაერთ ქვეყანას:

ჩემს მიერ გამოგზავნილ წერილში დეტალურად მაქვს განმარტებული ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასევე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, სანქციებთან მიმართებაში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა პირველ რიგში და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა.

მინდა ვთქვა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს, ეროვნულ დონეზე, ჩვენ ჩვენი ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არაერთხელ განგვიცხადებია და მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან.

ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და რეგულაციებთან, მაგალითად, გაეროს სანქციათა კომიტეტის რეგულაციებთან და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციასთან. ჩვენი კანონმდებლობა, მაგალითად, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და ხელშეწყობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ და ა.შ. უზრუნველყოფს სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვაქვს მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად ინფორმაციის გაცვლა და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს არც ერთი ქვეყნის, სანქცირებული არც ერთი კომპანიის და ინდივიდის უკანონო საქმიანობას საქართველოში.

საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში.

ზოგადად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც საფინანსო სექტორს შეექმნა, ეს იყო „ვითიბი ბანკის" ფილიალის საკითხი, რომელიც მაღალპროფესიონალურ დონეზე იქნა მართული და ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ შექმნოდათ.

მოგეხსენებათ, ეს ბანკი იყო სანქცირებული და ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ და ეს ყველაფერი გავაკეთეთ ისე, რომ არავითარი კითხვა არ დარჩენია ჩვენს არც ერთ პარტნიორს.

მე ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციებთან, ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით ახორციელებს საბაჟო კონტროლს და საბაჟო ზედამხედველობას.

საქონლის შემოტანა და გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე 20 საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. საქონელი 1000-ზე მეტი მებაჟე-ოფიცრის კონტროლს ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების საბაჟო კონტროლის გასაძლიერებლად, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში" გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა, დამატებით განთავსდა რენტგენ-სკანერები და ადგილზე არის სრული კონტროლი.

ასევე გეტყვით, რომ საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ჯგუფის მიერ შეიქმნა ახალი საბაჟო რისკების პროფილები სამხედრო, ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში.

ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე, ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს.

განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სანქციების მონაწილე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა. მკაცრად კონტროლდება საქართველოში გაიმპორტებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის შემთხვევებიც, რათა არ მოხდეს რუსული ან სხვა სანქცირებული საქონელი სანქციების მონაწილე ქვეყნებში, ან პირიქით.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სასაზღვრო პოლიციასთან და აქტიურად მუშაობს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის, საფრთხეების პრევენციის, გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოების ეფექტიანი თანამშრომლობის, ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლისთვის.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მარეგულირებელი პროცედურები საშუალებას იძლევა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ რისკები, რაც სანქციებს და სანქცირებულ პროდუქციას უკავშირდება.

ასევე გეტყვით, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, მათ შორის მოქმედი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაცვას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობას უწევს ავიაკომპანიების და სხვა ავიასაწარმოების მხრიდან აღნიშნული მოთხოვნების დაცვაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლს და კომპეტენციების ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს რეგიონული, საერთაშორისო უსაფრთხოების, ისევე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების ხელშესაწყობად.

ეს ინფორმაცია, რომელიც ახლა მე შეგახსენეთ თქვენ, რა თქმა უნდა, იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის. ამის თაობაზე ჩემი მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, მთელი ხელისუფლება, მთელი ამ ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, გიხსნიდით და დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით საზოგადოებას, მაგრამ ერთია, როცა ადამიანს არ სურს გაგება იმისა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი თავიდანვე არ არის უბრალოდ განწყობილი კონფლიქტისთვის და საფუძველგარეშე ბრალდებების წამოყენება და ცილისწამების გაგრძელება არ სურს, მე უბრალოდ მრჩება კითხვა - კიდევ დამატებით რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ?! ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ თურმე საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არ ეხმარება უკრაინას. ამ დროს, მე შეგახსენებთ ყველას მეგობრებო, რომ საქართველო არის 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა უკრაინაში ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ხალხის დასახმარებლად. ჩამოვთვალე, რომ 235 რეზოლუციაზე, ტექსტზე და განცხადებაზე ვართ მიერთებული. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. თქვენი ინტერპრეტაცია გასაგებია და თქვენი მოტივაციაც გასაგებია. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დონეზე ჩვენ ყველა საერთაშორისო ფორმატში, ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, მაგრამ აქვე განვმარტე და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. მე ეს ჩემს პირველსავე გამოსვლაში ვთქვი, რომ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც შეეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. რომ გვიყიჟინებდით და მოგვიწოდებდით, დაუწესეთ ეკონომიკური ფინანსური სანქციები რუსეთსო, მინდა გკითხოთ, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ, რომ ჩვენი 1 მლნ მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე. ამ ფონზე, მით უმეტეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ეროვნული ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ჩვენი პარტნიორების მიმართ, ჩვენ ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ, იმიტომ, რომ თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში ურთულესი ვითარებაა, მსოფლიო ეკონომიკის რეცესიაა მოსალოდნელი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად, მოლდოვაში 27%-იანი ინფლაცია აქვთ, აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14,4% ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი.

მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, რომ მოქალაქეებს გასცეთ?!

ჩვენ კარგად გვესმის თქვენი მოტივაციაც, მაგრამ ერთს გეტყვით - ჩვენი მთავარი ამოცანა, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, რასაც, სამწუხაროდ, თქვენგან ვერ ვხედავთ, პირიქით.

მექნება საშუალება, დეტალურად ვისაუბრო, თუ რას გვთხოვდით თქვენ ჩვენ, მაგალითად, სანქციების დაწესებაზე ვთქვი. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, ითხოვდნენ ჩარტერული რეისების გაშვებას, რომელსაც უნდა წაეყვანა „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მოხალისეები, ეს უნდა გაეკეთებინათ ტელევიზიებში ლაივ-ჩართვებით და ა.შ. ჩარტერულ რეისებზე ნებართვას, ბატონებო და ქალბატონებო, გასცემს საქართველოს მთავრობა. იმ დროს, როცა მსოფლიოში არც ერთმა ქვეყანამ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთმა მსგავსი რამ არ გააკეთა, პირიქით. აშშ-ის მთავრობა, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აბსოლუტურად ყველამ, მოუწოდა საჯაროდ თავის მოქალაქეებს საპირისპირო, რომ ისინი ინდივიდუალურად არ ჩართულიყვნენ საომარ მოქმედებებში. ამ დროს, ეს ადამიანები, ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები. ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში, კონფლიქტში და ამას აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ეს არის მავნებლობა, მეგობრებო, ეს არის მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ.

დიდი მადლობა“.