საზოგადოება
კარლ ჰარცელი: საქართველო აგრძელებს დაჩქარებული წესით კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს კარლ ჰარცელის კომენტარს, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ეხება.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე.

ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა.

ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.