აქტუალური
სირია და აფხაზეთი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მხარს უჭერენ

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. სირია და სოხუმის დე ფაქტო მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას მხარს უჭერენ. შესაბამისი განცხადება სოხუმში მიიღეს, სადაც სირიის საგარეოს საქმეთა მინისტრი ფეისალ მიკდადი იმყოფება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მიკდადიმ და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. მასში წერია, რომ სირია და აფხაზეთი მხარს უჭერენ რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში, რომლის მიზანია დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ მოსახლეობის უფლებების დაცვა.

განცხადებაში ასევე წერია, რომ „სპეცოპერაცია“ უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფას ემსახურება, სადაც ერთა უფლებებს და ისტორიას პატივს სცემენ.

შეხვედრაზე არძინბამ და მიკდადიმ დასავლეთის ქვეყნები „ცალმხრივ იძულებითი ხასიათის ღონისძიებები“ დაგმეს, რომელსაც ისინი „რუსეთის, სირიის და აფხაზეთის წინააღმდეგ ახორციელებენ“. მათ ასევე განაცხადეს, რომ სირია და აფხაზეთი ერთიანნი არიან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდებენ ყველა ქვეყანას, რომ სირიიდან არალეგიტიმური სამხედრო ქვედანაყოფები გაიყვანონ.

ასევე, შეხვედრაზე სოხუმის დე ფაქტო მინისტრმა და სირიის მთავრობის წარმომადგენელმა ისაუბრეს დიპლომატიური მისიების მოქმედებების კოორდინაციისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე, ტურიზმის და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.